25 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
"ენჯეოებს" უნდა მოეხნას ტაბუ, ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს, ეს ტრაგედიაა - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ენჯეოების“ აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს და საჭიროა მათ საქმიანობას ტაბუ მოეხსნას და საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი რა საქმიანობას ეწევიან ისინი სინამდვილეში.

ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყანაში არცერთი დაფარული და დამალული ორგანიზაცია არ უნდა იყოს.

"რაც შეეხება "ენჯეოების“ მუშაობას და მათ ბუნებას. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს. ყოველდღე მუშაობენ სახელმწიფოს ინტერესების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს. ეს ტრაგედიაა, მეგობრებო.

ჩვენ ვიცით, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, თუ რა საქმიანობას ეწევიან. კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ეს "ენჯეოები“ პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს. ისინი თავად იყვნენ ჩართულები ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში. გახსოვთ, "სირცხვილია“, "ლგბტ“ ორგანიზაციის, "ენჯეოს“ უკან ვინ იდგა, "ნაცმოძრაობა“ იდგა, მათი დამფინანსებლები ვინ იყვნენ და ასე შემდეგ. ლოგიკური კითხვებია და ამ "ენჯეოებმა“ უნდა გასცენ პასუხი.

უნდა მოეხსნას ტაბუ ამ "ენჯეოებს“. ეს ადამიანები, იგივე ეს "ენჯეოები“ წლების განმავლობაში კადრულობენ და თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, საპატრიარქოს, ყველას. როდესაც საზოგადოება და ჩვენ კითხვებს სვამთ, თურმე ეს მიუღებელია. ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები