იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა რიგით 32 -ე კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაზე მოსამართლეთა კოლეგიის ახალი წევრები უნდა აირჩიონ, თუმცა მსჯელობა გაიმართება ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც.
მოსამართლეებს ამ საკითხზე ერთი პოზიცია აქვთ. ფიქრობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღების მოთხოვნა უარგუმენტოა და ქართულ მართლმსაჯულებაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებისთვის დამატებითი მექანიზმების შემოტანა მიუღებელია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებით, ვეტინგის საკითხს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან კავშირი არ აქვს.
"კონფერენცია, ძირითადად, შეკრებილი არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ავირჩიოთ, მაგრამ ვინაიდან სასამართლოს წინააღმდეგ ვეტინგზე მიდის საუბარი, ჩემთვისაც საინტერესო არის მოსამართლეები რას ფიქრობენ. ვეტინგთან დაკავშირებით პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში, უკრაინაში და ახლა ხორციელდება მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რაც პრაქტიკა გვაჩვენებს, რეალურად მოხდა პრაქტიკულად სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ. ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად რომ ქმნიან ამ აჟიოტაჟს, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ დაიქვემდებარონ სასამართლო.
მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორი, საუბარი რომ არის იმაზე, აქ არავინ არ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას იქიდანაც ჩანს, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, უბრალოდ, მიმაჩნია, უნდა იაროს საქართველომ სწორი გზით, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ჩემი მოსაზრებით ეს [ვეტინგი] არაფრით არ ეხება ევროკავშირის გაწევრიანებას, ვინაიდან ალბანეთში, სადაც მოხდა სასამართლო სისტემის დანგრევა ვეტინგის საშუალებით, დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი. პირდაპირ კავშირს ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვხედავ", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის, გიორგი მიქატაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წინ აღუდგეს მსგავს ინიციატივებს, რომელიც, მისი შეფასებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ითვალისწინებს.
"ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ იმას, რომ ერთი ხელის მოსმით, ამ რადიკალი პოლიტიკოსების და NGO-ის ჩარევით, გაურკვეველი ექსპერტების და უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობით დავანგრევინოთ ეს მიღწევები. აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბოლომდე დავუდგებით წინ ყველა ისეთ მავნე ინიციატივას, რომელიც სასამართლო დამოუკიდებლობის ხელყოფას ითვალისწინებს. ნამდვილად არაფერი მაქვს დასამალი, ათწლეულებია დეკლარაციასაც ვავსებ და ათასობით გადაწყვეტილება მაქვს დაწერილი ისევე, როგორც თითოეულ თქვენგანს. შეამოწმონ, წარმოადგინონ, ერთი მტკიცებულება, რეალური და ნამდვილი, თუ რატომ იმსახურებს ამას რომელიმე მოსამართლე და ამის შემდგე გავაგრძელებ ამაზე საუბარს", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლოს გაჯანსაღება სჭირდება და მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლის შესრულების გარეშე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წავა.
"სასამართლო სისტემა გასაჯანსაღებელია, რომ საკუთარი პოზიციები თავისუფლად დააფიქსირონ. კეთილსინდისიერების შემოწმება ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ მიიღო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამის გარეშე, სამწუხაროდ, საქართველოს წინ ვერ წავა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხის იდგეს დღის წესრიგში და მოსამართლეები ისევე, როგორც სხვა აქტორები იყვნენ მომხრე იმისა, რომ ეს სისტემა დაინერგოს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.