ყველაფრის გათვალისწინებით და სხვა ნაკრებების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, უნდა განვაცხადო, რომ საქართველო ამ ტურნირისთვის უკვე ზედმეტად კარგია - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, ძალზე სწრაფად გახდა ავტორიტეტული ევროპული გამოცემების განსჯის საგანი. ერთ-ერთი პირველი, ვინც კოკერილის ამ სიტყვებსა და მოსაზრებას გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრებს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, პირს მორგანი იყო, რომლის სიტყვას განსაკუთრებული წონა, პირველ ყოვლისა, მის 9 მილიონამდე გამომწერისთვის აქვს.
ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, შოტლანდია, იტალია, უელსი. ეს 6 ერის მონაწილე იმ ევროპულ ნაკრებთა მართლაც შთამბეჭდავი ჩამონათვალია, რომელთა შორის ძალების მოსინჯვის ამბიცია უკვე კარგა ხანია ბორჯღალოსნებსაც გააჩნიათ.
უკვე წლებია, საქართველოსთვის, რაგბი ევროპის ეგიდით გამართული ყოველი ორთაბრძოლა, პრაქტიკულად, სპარინგპარტნიორთან ჩატარებული შეხვედრის შინაარს ატარებს. ამიტომ, ლოგიკურია კითხვა, რომელიც ჩნდება: რა უნდა იყოს საქართველოსთვის შემდეგი ეტაპი, რომელიც ჩვენს განვითარებას ხელს შეუწყობს"
სარაგბო სამყაროში, მაღალი რანგის რეგულარული შეხვედრები, კონტაქტების დამყარება და ყველა დახურული კარის შეღების მცდელობა, რომელსაც აქტიურად ახორციელებს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოში რაგბის განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებში, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, ევროპულ სარაგბო სამყაროში.
ბორჯღალოსნები რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ, მრავალი წელია, მსოფლიოს სარაგბო სამყაროსთვის ცნობილი ფაქტია.
უელსის ნაკრებმა 6 ერის გათამაშებაზე ყველა შეხვედრა წააგო. იმის გარკვევა, რომ საქართველოს ნაკრები უელსის ტოლ-სწორია, მარტო ამ გუნდების თამაშით არის შესაძლებელი. ეს შეთავაზება კი ქართულმა მხარემ უკვე გააკეთა და ამის შესახებ მსოფლიოს სარაგბო სამყარომ ისეთი ავტორიტეტული გამოცემებისგან შეიტყო, როგორიც "დეილი მეილი", "ტელეგრაფი", "ინდეპენენტი" და "ბიბისია", რომელმაც ქართული რაგბის წარმომადგენელთა და კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის სიტყვები, საკუთარი გამოცემების გვერდებზე, ერთი ერთში გამოაქვეყნა: "რაგბი ევროპისა და ექვსი ერის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები დიდი პატივით გიწვევთ უელსს შემოდგომის ტესტ-მატჩზე თბილისში. ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ უელსელ დრაკონებს თბილისში და შემდეგ, გეწვიოთ კარდიფში, საპასუხო თამაშზე. ასე რომ, ახლა უკვე ჯერი უელსელებზეა".
ავტორი: ლაშა დვალიშვილი.