25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
უელსის პრინცესას კიბო აქვს - მიდლტონის გაუჩინარების გამო, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა

ჯერ გაუჩინარდა, 2-თვიანი პაუზის შემდეგ კი, სამწუხარო ინფორმაციით დაბრუნდა - ქეით მიდლტონმა დღეს, ვიდეომიმართვით, მსოფლიოს გააგებინა, რომ კიბო აქვს.

უელსის პრინცესა ამბობს, რომ დიაგნოზის შესახებ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ გაიგო, დუმილი კი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მისი გაძლიერებისთვის აუცილებელი იყო.

ვიდრე ქეითი განცხადებას გაავრცელებდა, 2-თვიანი გაუჩინარების გამო, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. გავრცელდა არაერთი კონსპირაციული თეორია - ხალხს აინტერესებდა, რატომ არ ჩნდებოდა მიდლტონი ხალხთან და კამერებთან.

საპასუხოდ, პრინცისა და პრინცესის სოციალურ გვერდზე დედის დღისადმი მიძღვნილი დამუშავებული ფოტო გავრცელდა. ამისთვის, მალევე, ქეითს ბოდიშის მოხდა მოუწია.

ამ ყველაფრის შემდეგ, მედიამ ქეითისა და უილიამსის ვიდეოც გაავრცელა. ვიდეომ ეჭვები უფრო გაამძაფრა - ხალხმა ქეითის ორეულზე დაიწყო საუბარი.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ქეითის ვიდეომიმართვა მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის. დიდი ბრიტანეთის მომავალი დედოფლის დიაგნოზს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.

მხარდაჭერის წერილი გაუგზავნეს მიდლტონს სამეფო ოჯახიდან წასულმა პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლე მეგან მარკლმაც – მათ პრინცესას გამოჯანმრთელება უსურვეს.

2-თვიანი დუმილი დასრულებულია, ქეით მიდლტონი საზოგადოებასთან გამოჩნდა. მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, პრინცესა ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს მოუწოდებს, ურთულეს გზაზე, გამოჯანმრთელების რწმენა და იმედი არ დაკარგონ.

 

დღის ამბები