თოკები, ცივი იარაღი, ბლაგვი საგნები - ეს ის ნივთებია, რომლებსაც ყველაზე ხშირად ტყვეების წამებისთვის კორეისა და ვიეტნამის ომებში იყენებდნენ, თუმცა, ამჯერად, წამების ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ტეხასის შტატში ბავშვები აღმოჩნდნენ. მოძალადე 38 წლის დევიდ კალჰუნია. პროკურატურის ინფორმაციით, ის საკუთარ საცხოვრებელ ფურგონში ინტენსიურად აწამებდა დისშვილებსა და გერებს. უცნობია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ზუსტი რაოდენობა. ერთ-ერთი მსხვერპლი ზრდასრული ადამიანიც იყო.
დევიდ კალჰუნი ბავშვებზე 6 წლის განმავლობაში ძალადობდა. თითქმის ყველას ბლაგვი ნივთებით სცემდა და, დანით, დაზიანებებს აყენებდა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძალადემ ბენზინის საშუალებით მოზარდებს სახესა და სასქესო ორგანოებზე დამწვრობები მიაყენა. 38 წლის მამაკაცს სამუდამო პატიმრობის განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა 1 საათზე ნაკლებ დროში გამოუტანეს.
სამართალდამცველებისთვის ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი დანაშაულების შესახებ ცნობილი 2 წლის წინ გახდა, როცა ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოძალადისგან თავის დახსნა შეძლო. 16 წლის მოზარდმა პოლიციას დანაშაულის შემზარავი დეტალები უამბო.
რატომ იყენებდა 38 წლის მამაკაცი, მოზარდების საწამებლად, ვიეტნამისა და კორეის ომების სასტიკ მეთოდებს, უცნობია. ამერიკელი სამხედროები, რომლებიც კამერებთან იხსენებენ ვიეტნამში წამების ფორმებს, აცხადებენ, რომ იმ მეთოდების იდენტურია, რომლებსაც კალჰუნი ბავშვებზე 6 წლის განმავლობაში იყენებდა.
კალჰუნთან ერთად, ბრალი მის მეუღლესა და კიდევ ერთ პირს დანაშაულში თანამონაწილეობისთვის წაუყენეს. მათი სასამართლო პროცესი მომავალ თვეშია დაგეგმილი.