25 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
133 დაღუპული, 100-ზე მეტი დაშავებული, ათობით დაკარგული და 11 დაკავებული - რუსეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ 

მოულოდნელი თავდასხმის პირველივე წუთებში დარბაზში მყოფები მიხვდნენ, რომ სამიზნე იყო ყველა და ბუნებრივად დაიწყო პანიკა. კადრებში ჩანს, რომ ხალხი თავდაპირველად სკამებსა და რიგებს შორის დაწოლასა და დამალვას ცდილობს, თუმცა სროლა არ შეწყდა.

4 შეიარაღებული პირი დამიზნებით ესროდა ნებისმიერს, ვინც მათი თვალთახედვის არეში ექცეოდა. ხალხის ნაწილი ამ დროს სცენის უკან, კულისებისკენ გაქცევას ცდილობდა, ნაწილი - დერეფნებისკენ, იმ იმედით, რომ გასასვლელს მიაგნებდნენ.

"ნადირობა" დარბაზის გარეთ, შენობის სხვა ნაწილებშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, გაქცევის მომენტში ხალხის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს მოკლული და დაჭრილი ადამიანები, რომლებსაც თავდამსხმელებმა ცეცხლი შენობაში შესვლისთანავე გაუხსნეს.

სროლის პარალელურად, "კროკუს სითის" საკონცერტო დარბაზის შენობა ცეცხლში გაეხვა. მასშტაბური ხანძრისა და პანიკის ფონზე, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. ადგილზე დატოვეს იარაღები და საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენება ვერ მოასწრეს. რუსეთის საგამოძიებო სამსახურების მიერ გავრცელებულ კადრებში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ჩანს, რომელიც, არსებული ვერსიით, შენობაში წინასწარ იყო მიტანილი.

ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. პარალელურად, შენობაში ეძებდნენ დაჭრილებსა და დაღუპულებს.

თავდასხმის მასშტაბური შედეგის გააზრება ადგილზე ხელახლა მისულმა ადამიანებმა დილით დაიწყეს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მომხდარის დაჯერება უჭირდათ.

იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელებს ნიღბები არ ეკეთათ, ამოღებული კადრებით იდენტიფიცირება სწრაფად მოხერხდა. ღამითვე, ცნობილი იყო, რომ სპეცსამსახურები 4 მამაკაცს ეძებდნენ, რომლებიც "კროკუს სითისთან" "რენოს" მარკის თეთრი ავტომობილით მივიდნენ და ტერიტორია იმავე მანქანით დატოვეს. დღის 12:00 საათის შემდეგ, "ეფ-ეს-ბემ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტერაქტთან კავშირში მყოფი 11 ადამიანი დააკავეს და მათ შორის იყო ოთხივე თავდამსხმელი. გავრცელდა ვიდეომასალა და აღიარებითი ჩვენებებიც.

მოსკოვის ერთ-ერთ პოპულარული სავაჭრო კომპლექსის ტერიტორიაზე, "კროკუს სითის" დარბაზში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია. ქვეყანაში გამოცხადდა გლოვა. პარალელურად, საავადმყოფოებში 100-ზე მეტ დაჭრილს მკურნალობენ. მათ შორის არიან მძიმე პაციენტებიც.

დღის ამბები