25 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ვინ დგას ტერორისტული თავდასხმის უკან - კრემლი ვერსიებზე მუშაობს

რუსეთში გაჩენილ შეკითხვებს ვლადიმერ პუტინმა ვერ უპასუხა - ამ დრომდე არ არსებობს სიზუსტე იმაზე, თუ ვინ დგას მასობრივი ტერორისტული თავდასხმის მიღმა. რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას მომხდარიდან ერთი დღის თავზე მიმართა და გამოსვლაში ყველა გავრცელებული ვერსიის გასამყარებელი განცხადება გააკეთა. კრემლი ჯერ ფიქრობს, ვის დაადოს ხელი, თუმცა უკრაინისკენ იხრება.

უცნობია, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ პუტინს რუსეთის მრავალეროვნებაზე ხაზგასმა და ხომ არ ტოვებს ის ამ განცხადებით ლავირების საშუალებას. რადგან მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რომელსაც რუსეთის სამხრეთ რეგიონებში დაჯგუფებები ჰყავს. ერთ-ერთ ასეთთან რუს ძალოვნებს შეტაკება, რამდენიმე კვირის წინ, ინგუშეთში მოუხდათ, სადაც 6 ტერორისტის ლიკვიდირება მოახერხეს. თუმცა მოსკოვისთვის ახლა მთავარი მტერი უკრაინაა, რომლის დრონებით რუსეთზე თავდასხმები მარტივად აღსაქმელ ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის. კიევში მომხდარს მომენტალურად გაემიჯნენ და აღნიშნეს, რომ რუსეთთან საქმეს მხოლოდ ბრძოლის ველზე არჩევენ.

რუსეთში დაგეგმილი შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში იყო ინფორმირებული ვაშინგტონი, რომელმაც რუსეთში მცხოვრებ თანამშრომლებს ხალხმრავლობისგან მორიდებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მოსკოვსაც გადასცა. თუმცა, მაშინ კრემლმა ეს პროვოკაციად და დაშინების მცდელობად მიიჩნია.

რუს ხალხს სამძიმრის წერილები მთელი მსოფლიოდან მისდის. აშშ, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ევროკავშირი - გმობენ ტერორიზმს და გამოძიების მოლოდინში არიან.

მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს გმობს საქართველოს მთავრობა. "ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დღის ამბები