მოსკოვის საკონცერტო დარბაზში - "კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად მიიჩნევა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სამაშველო სამსახურები აგრძელებენ ნანგრევებში ადამიანების ძიებას. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება.
საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლში" უცნობმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. დარბაზის პარტერში შეიარაღებული პირები გვიან ღამით შეიჭრნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. კრემლის ინფორმაციით, ტერაქტში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ჩართული 11 პირია დაკავებული. პუტინის თქმით, ოთხი ტერორისტი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ტერაქტში, მაშინ დააკავეს, როცა მიმავლას ცდილობდა. "ისინი უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, უკრაინული მხრიდან, მათთვის მომზადებული ჰქონდათ ერთგვარი ფანჯარა უკრაინის ტერიტორიაზე გადასასვლელად", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.