თითქმის 50 წელი სცენაზე - მაესტროს მოსაყოლი ბევრი რამ დაუგროვდა და მსმენელს არამხოლოდ მუსიკით, თავისი შემოქმედებითი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან დეტალებს გაანდობს. ასეთი რამ პირველად, 65 წლის საიუბილეო საღამოზე მოხდება.
ვახტანგ კახიძის მუსიკა ყველა ჟანრს მოიცავს, თითოეულს კი თავის ისტორია აქვს.
საიუბილეო მუსიკალურ საღამოს დიდხანს გეგმავდა. ისტორიებს რომ გადახედა, ბევრი მოეჩვენა, მუსიკა უფრო მეტი. ამიტომ, კონცერტზე შესრულდება მუსიკალური ფრაგმენტები - ზოგს მსმენელი ჩანაწერის სახით მოისმენს, ნაწილს სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს, ზოგჯერ კი გაჟღერდება ჩანაწერი, რომელსაც ცოცხლად, ორკესტრი აყვება.
მაესტრო სცენაზე მარტო არ იქნება. ვახტანგ კახიძის მუსიკას, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს საგუნდო კაპელა, ანსამბლი "მძლევარი“, სოლისტი ვოკალისტები და ინსტრუმენტალისტები.
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ– კულტურულ ცენტრში ჩელისტ– ალექსეი სოლონოვიჩის დებიუტი შედგება. ახალგაზრდა მუსიკოსი პუტინის რეჟიმს საქართველოში გამოექცა და ახლა ვახტანგ კახიძის ორკესტრში უკრავს.
ორ დღეში, კომპოზიტორი და დირიჟორი – ვახტანგ კახიძე 65 წლის იუბილეს მსმენელთან ერთად, სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებებით აღნიშნავს. 23 და 24 მარტს კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მაყურებლის დიდი სურვილიდან გამომდინარე, დამატებით ერთი კონცერტის ჩატარება აპრილშიც იგეგმება.