25 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
"ქართული ოცნება" კიდევ ერთი NGO-ზე საუბრობს, რომელიც უცხოური დაფინანსებით ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ცდილობს - რა შეფასებები კეთდება მესამე სექტორში და პოლიტიკურ სპექტრში

პარლამენტის თავმჯდომარე მუქარას სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის განცხადებას უწოდებს. ნოდარ ხარშილაძემ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა, ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ ოპოზიცია სუსტია და "ქართულ ოცნებას" ამჯერადაც აქვს გადარჩენის შანსი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის სწორედ ეს განცხადება აღიქვა მმართველმა გუნდმა მუქარად და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობად .

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ადასტურებს, რომ მის არასამთავრობოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ და იქვე განმარტავს, რომ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დაფინანსება გამჭვირვალეა და ყველა დეტალი მათ გვერდზე გამოქვეყნებულია. რაც შეეხება სატელევიზო გამოსვლას, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან რეაქცია მოჰყვა - ხარშილაძე ამბობს,რომ ეს მისი, როგორც ექსპერტის მოსაზრება იყო.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფინანსებელ ორგანიზაციათა შორის რამდენიმე საელჩოა, მათ შორის, ამერიკის, პოლონეთის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების. არასამთავრობო ორგანიზაციას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს თურქეთის კოორდინაციისა და თანამშრომლობის სააგენტო, ნატოს საქართველოს წარმომადგენლობა. მის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კი ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც არიან, მათ შორის, თეონა აქუბარდია და გიგი წერეთელი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციას ისინიც იზიარებენ .

სწორედ ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პოლიტიკოსებიც არიან, მესამე სექტორის ობიექტურობაზე სახელისუფლებო გუნდს კითხვებს უჩენს. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გავლით, ოპოზიცია საკუთარი მიზნების განხორციელებას გეგმავს. ამიტომ არის "ქართული ოცნების" აზრით, მნიშვნელოვანი დაფინანსების გამჭვირვალობა.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლები პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არიან და მათგან არც პოლიტიკური განცხადებები უკვირთ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებას არასამთავრობო სექტორი ხშირ შემთხვევაში, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის იყენებს. კითხვები დაფინანსების გამჭვირვალობაზეც, მისი თქმით, სწორედ ამიტომ ჩნდება.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრი, რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათი მიზანია კვლევების, ანალიზის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადების გზით, შექმნას ანალიტიკური და სადისკუსიო პლატფორმა საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური საკითხისა თუ გადაწყვეტილების შესაფასებლად.

დღის ამბები