25 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრმა დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველ მოადგილე ნიკა ახალბედაშვილთან და მეცნიერ ჯუმბერ კოპალიანთან ერთად დაათვალიერა ნაკრძალის ტერიტორია, რის შემდეგაც ნაკრძალის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია და წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ მილიონ რვაასი ათასი წლის წინანდელ პალეოლითურ ძეგლს, რომელიც გამოირჩევა ადრეულ ჰომინიდთა და განამარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთებით.

1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის ხუთი თავის ქალა, რაც დღემდე მსოფლიოს არცერთ ძეგლზე არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები