25 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
რუსულ ბომბებსა და რაკეტებს უკრაინაში გადაურჩნენ, თუმცა ვერ გადაურჩნენ რუსეთის მოქალაქეს უცხო ქვეყანაში - გერმანიაში უკრაინიდან დევნილი დედა-შვილი მოკლეს, 5 კვირის ბავშვი კი გაიტაცეს

27 წლის ხარკოვიდან დევნილი მარგარიტა, რომელიც ორსული იყო, დედასთან ერთად, ომის დაწყების შემდეგ, გერმანიას ლტოლვილად ჩაბარდა. ბავშვი იქვე გააჩინა, თუმცა მალევე გაქრა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 27 წლის ქალი და მისი დედა რუსმა ქალმა, გერმანელ მეგობარ მამაკაცთან ერთად, მოკლა, 5 კვირის ბავშვი კი გაიტაცეს. პოლიციამ ბავშვის დედა მდინარე რაინის სანაპიროზე იპოვა, ბებია კი ტბაში იყო ჩაძირული. ორივე ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.

სასტიკი მკვლელობის დეტალების დადგენას 60-ზე მეტი სამართალდამცველი კინოლოგიურ სამსახურთან ერთად ცდილობს.

ჩვილი პოლიციამ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მას დნმ-ის ანალიზიც ჩაუტარდა. სამართალდამცველების ცნობით, ბავშვი არ დაშვებულა. ამ დროისთვის, ის თავშესაფარშია გადაყვანილი. ჩვილი 44 წლის გერმანელ მამაკაცთან და 43 წლის რუს ქალთან ერთად იპოვეს - ორივე მათგანი დაკავებულია. დაკავებული წყვილი მსხვერპლს კარგად იცნობდა. წინასწარი ინფორმაციით, მათ მკვლელობა ბავშვის გატაცების მოტივით ჩაიდინეს.

დაკავებული მამაკაცის მეზობლები ადგილობრივ მედიასთან ჰყვებიან, რომ ეჭვმიტანილმა მათ წინასწარ უთხრა, რომ იანვარში გოგონას დაბადებას ელოდებოდნენ, თუმცა მეზობლებს მამაკაცის სიტყვები უცნაურად მოეჩვენათ, რადგან მისი მეუღლე ფეხმძიმედ არ იყო.

ბავშვის დედის შემდეგ, მოკლული იპოვეს ჩვილის ბებიაც. ინტენსიური ძებნის შემდეგ, 51 წლის მარინა სტეცენკოს ცხედარი მყვინთავებმა კარლსრუეს რაიონში, ერთ-ერთ ტბაში ნახეს. პოლიცია ბავშვის ბებიას საქმის მთავარ მოწმედ მიიჩნევდა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯერ ბავშვის ბებია, რამდენიმე საათის შემდეგ კი ბავშვის დედა მოკლეს. პოლიციამ გაარკვია, რომ ტბამდე, სადაც ჩვილის ბებია გარდაცვლილი იპოვეს, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ბილიკი მიდის, რომელიც ეჭვმიტანილების სახლის მისამართიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზეა.

2 მკვლელობისა და ჩვილის გატაცების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები