თეატრალური წარმოდგენები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სპორტული აქტივობები, ტრადიციული კერძები - მარნეულში გაზაფხულის მოსვლას ზეიმობენ. ნოვრუზ ბაირამი, იგივე გაზაფხულის ბუნიობა, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა წელსაც განსაკუთრებულად აღნიშნეს.
ნოვრუზ ბაირამი ბუნების განახლების დღესასწაულია. ტრადიციების თანახმად, ანთებენ ცეცხლსაც, რაც ბოროტების დამარცხებას ნიშნავს. დღესასწაულს შეუერთდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა ტრადიციულ ღონისძიებებშიც მიიღო. პრემიერმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და აქცენტი ქართველებისა და აზერბაიჯანელების განსაკუთრებულ ურთიერთობაზე გააკეთა.
პრემიერთან ერთად, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს დღესასწაული, სამთავრობო გუნდის წევრებმა და სახალხო დამცველმაც მიულოცეს. მარნეულში ჩასულმა სტუმრებმა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს.
21 მარტი ნოვრუზ ბაირამის, იგივე - გაზაფხულის ბუნიობის თარიღია. მანამდე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ოთხ ჩერშენბეს, ანუ ოთხშაბათს აღნიშნავენ, რაც ოთხი სტიქიის: ცეცხლის, წყლის, ქარისა და მიწის გამოღვიძების სიმბოლურ დღეებს უკავშირდება.