25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" დაფინანსებას ტაივანური ფონდებისგან იღებს - უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს​

თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა დაფინანსებას ტაივანური ფონდებისგან იღებს, რომლებიც თავის მხრივ მთავრობისგან ფინანსდება. ერთ-ერთის საქმიანობის აღწერილობაში ღიად არის ნათქვამი, რომ მათი მთავარი მიზანი ჩინეთის მავნე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ მუშაობაა. ამ ყველაფერს თინა ხიდაშელმა კვლევაც მიუძღვნა.

"რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან" - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული მოკავშირის, ევროკავშირის ალტერნატივად წარმოაჩინოს. წერს, რომ ქვეყანა ჩინეთისგან რეალურ ეკონომიკურ სარგებელს ვერ იღებს. "ქართული ოცნება" ხიდაშელის მოსაზრებების მიღმა მისი დონორების მიზნებს ხედავს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობს, ტაივანური დაფინანსების გამო, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.

თინა ხიდაშელი, ტაივანურ ფონდებთან თანამშრომლობას ადასტურებს, თუმცა ტაივანის მთავრობისგან დაფინანსებას უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დონორი ორგანიზაცია დაფინანსებას სწორედ ტაივანის ბიუჯეტიდან იღებს. ტაივანის დემოკრატიის ფონდს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფუძნებულია, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი ამტკიცებს, რომ ის კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციების პარტნიორია.

"ქართული ოცნებისთვის" ხიდაშელის განმარტება აბსურდულია. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებები ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის წინააღმდეგ ტაივანური დონორების - მისი დამფინანსებლების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამას მმართველი პარტია ანტიჩინურ კამპანიად და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად აფასებს.

ხიდაშელის განცხადებებს მისი დაფინანსების წყაროსთან ვერ აკავშირებენ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ”სამოქალაქო იდეასთან” თანამშრომლობენ. არ მალავენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოზიციებს იზიარებენ და ჩინეთთან პოლიტიკური მოკავშირეობის მოწინააღმდეგეები არიან.

კამპანია საეჭვო დაფინანსებით, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება - ეს უკვე პრემიერ-მინისტრის შეფასებაა. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.

ტაივანის დემოკრატიის ფონდის გარდა, თინა ხიდაშელის ორგანიზაციის კიდევ ერთი დონორია ტაივანში მოქმედი ორგანიზაცია "დაბ სინქ ლაბ". ფონდის მიზნებს შორის ჩინური პროპაგანდისა და გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა.

დღის ამბები