25 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
"ჩინური ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა იაფად" - თაღლითობის საქმე და 14 დაზარალებული

"ჩინური ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა იაფად" - ვინც სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ ამ განცხადებას ენდო, დღეს პროკურატურასა და სასამართლოს ჩვენებებს დაზარალებულის სტატუსით აძლევს.

თაღლითობაში ბრალდებული სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ დაზარალებულებს კუთვნილ თანხებს ეტაპობრივად დაუბრუნებს. ნინო გაბუნიას მტკიცებით, აღებული 149 259 ლარიდან, 20 000 მოტყუებულ მოქალაქეებს უკვე გადაურიცხა. დაკავებულმა აღიარა, რომ ფულს აზარტული თამაშებისთვის იყენებდა.

მოსამართლემ არც ბრალდებულისა და არც მისი ადვოკატის სიტყვები, 10 000- ლარიანი გირაოს შუამდგომლობაზე, არ გაითვალისწინა. სასამართლომ, ადგილზე თათბირით, ნინო გაბუნია წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ნინო გაბუნია სამართალდამცველებმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. გამოძიებით ირკვევა, რომ 38 წლის ქალმა, სოციალურ ქსელში, სპეციალური გვერდი შექმნა. საიტზე საყოფაცხოვრებო აქსესუარებისა და ავეჯის ფოტოები განათავსა. დაინტერესებულ მომხმარებლებს ჰპირდებოდა, რომ ჩინეთიდან ნებისმიერ ნივთს დაბალ ფასში ჩამოუტანდა, საფასურს კი წინასწარ არიცხვინებდა.

საქმეში, ამ ეტაპზე, სულ 14 დაზარალებულია. მათ კამერებთან საუბარი არ სურთ. ვრცელი განმარტება "კურიერთან" მათმა ადვოკატმა გააკეტა.

მოტყუებული მოქალაქეების რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ ეტაპზე, მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის - ჩვენებები და ფარული საგამოძიებო ქმედებების შედეგები.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ნინო გაბუნიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები