მუხრანის ტყეში 21 ხის ნერგი სიმბოლურად დაირგო. სკოლის მოსწავლეები გამწვანების აქციაში მონაწილეობენ. ამ ფორმით, ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომისა და ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც შეუერთდნენ.
აქტივობის ორგანიზატორი ეროვნული სატყეო სააგენტოა. გამწვანების აქციასთან ერთად, მოსწავლეებთან, ტყისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა.
ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მოსწავლეებმა თბილისშიც მიიღეს. ღონისძიების ინიციატორი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრია.
უკვე 50 წელზე მეტია, მსოფლიო, 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ტყეს ტერიტორიის 44% უკავია. მათ შორისაა დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც "იუნესკოს" მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.