25 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
37 ათასი ლარის ოდენობით ყალბი ოქრო დაალომბარდეს - დაკავებულია ოთხი პირი

თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის ოთხ წევრს ბრალდება წარუდგინეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს და 2021-2023 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, იურიდიულ პირებთან ძვირფასი ლითონით (ოქრო) უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, სადაც უზრუნველყოფის საგნად ყალბი, თითქოსდა ოქროს ნივთები გამოიყენეს. აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღნიშნული ორგანიზაციების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, - ჯამში 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის ოთხივე წევრი 19 მარტს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

"პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

დღის ამბები