"თბილისი პრაიდის" ორგანიზებით სასტუმრო "ვილა მოსავალში" რამდენიმე დღის განმავლობაში სემინარი მიმდინარეობდა. სემინარის მონაწილეების დღევანდელი განცხადებები განსხვავდება იმ კომენტარებისგან, რომელიც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით "ვილა მოსავალში" გაკეთდა. თავდაპირველად ითქვა, რომ სემინარი მხოლოდ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხებოდა. გაეროს განვითარების ფონდმა დღეს წერილობით თქვა, რომ სემინარი სხვა თემებსაც მოიცავდა.
განსხვავებული ინფორმაცია აქვს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ტრენინგის მთავარი თემა იყო, თუ როგორ უნდა გააპროტესტონ სახელისუფლებო პარტიის ინიციატივა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.
სემინარის დონორ ორგანიზაციებთან კითხვები აქვს ოპოზიციის ნაწილსაც. პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩში" აინტერესებთ, იცის თუ არა გაეროს განვითარების ფონდმა, რა სახის ტრენინგი დაუფინანსა "თბილისი პრაიდს". ოპოზიციონერი დეპუტატების მეორე ნაწილს კი კითხვა მმართველ გუნდთან აქვს - როდის დააინიცირებს "ქართული ოცნება" პარლამენტში კანონპროექტს.
მესამე სექტორის დაფინანსების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, კითხვები საპარლამენტო უმრავლესობასაც გაუჩნდა.
"თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, სემინარი სასტუმროში "ვილა მოსავალი" სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.