25 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტოს "ქართული ოცნება" მიმდინარე კვირაში დაძლევს

მეხუთე ვეტოს მეხუთე უარი მოჰყვა - პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. სხდომის დასასრულს, ზურაბიშვილს თავად კომიტეტის თავმჯდომარემ შეახსენა, რომ ის მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებს, ვეტო კი დაძლეული იქნება.

ზურაბიშვილის პოზიციები სხდომაზე მისმა საპარლამენტო მდივანმა წარმოადგინა. გიორგი მსხილაძეს ყველაზე მეტი შეკითხვა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის კვოტის გაუქმებაზე დაუსვეს. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლების გამოყენებისას - შეკითხვები ოპოზიციასაც ჰქონდა.

მოტივირებული შენიშვნების განხილვას ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილეც ესწრებოდა. სხდომათა დარბაზში არა, თუმცა მედიასთან გიორგი სიორიძეს არ დაუმალავს, რომ ოპონენტებს საარჩევნო ადმინისტრაციაში ბრძოლის ბერკეტები ისევ სჭირდებათ, "ლელოს" კი პარტიული კვოტის დათმობა არ სურს.

ზურაბიშვილთან თანამშრომლობას უარყოფენ, თუმცა მის ვეტოს იზიარებენ ოპოზიციაში. პოზიციების თანხვედრის მიზეზი, როგორც ამბობენ, არგუმენტირებული შენიშვნებია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ცესკოს დაკომპლექტების წესში ცვლილებები, ევროპულ სტანდარტს ეწინააღმდეგება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უგულებელყოფს.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო ანტისახელმწიფოებრივია სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, ოპოზიციასთან ერთად, ახლა ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობს.

მმართველი გუნდი ვეტოს, სავარაუდოდ, ხვალ დაძლევს. ამისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. "ქართულ ოცნებას" კი საჭირო ხმები უკვე აქვს.

დღის ამბები