25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან - უმრავლესობასა და ოპოზიციის ნაწილს შეერთებულ შტატებთან კითხვები დაუგროვდა

უმრავლესობასა და ოპოზიციის ნაწილს შეერთებულ შტატებთან კითხვები დაუგროვდა - უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და თავისუფალი ვაჭრობა - მიუხედავად ხანგრძლივი ურთიერთობებისა, ეს ყველაფერი თბილისსა და ვაშინგტონს შორის არ არსებობს.

უმრავლესობას კითხვები USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორთან ამერიკის ხმის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ გაუჩინა. ჯონ პენელი, ჟურნალისტთან, დაწვრილებით საუბრობს იმ მილიარდებიან ინვესტიციებზე, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოში ახორციელებს და აცხადებს, რომ ეს ფული საზოგადოების საჭიროებებს ხმარდება.

ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას ოპოზიციაში, სადაც სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში ამერიკისა და ჩინეთის ერთ სიბრტყეზე დაყენება მიუღებლად მიაჩნიათ.

ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა კარგად ესმით საპარლამენტო უმრავლესობაში, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ ვერ მიიღო ამერიკამ სამ ათეულ წელიწადში ის გადაწყვეტილებები, რისთვისაც ჩინეთს მხოლოდ რამდენიმე თვე დაჭირდა.

აშშ-ის მხრიდან პირდაპირი ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის დაწესების საჭიროებაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამისთვის სათანადო ნაბიჯები მმართველმა ძალამ არ გადადგა.

სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივი რომ არ უნდა იყოს, ამაზე აკეთებენ აქცენტს მმართველ გუნდში, სადაც ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ამერიკის მხრიდან, კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად, ინტერესი გაიზრდება. მზადყოფნა ურთიერთობის გადასატვირთად, დღეს, სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. 2023 წლის 31 ივლისს კი, საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. რამდენიმე თვეში საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შემოიღო. 2024 წლის თებერვლის ბოლოს კი, საპასუხოდ, ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების ნება მისცა.

დღის ამბები