25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
72 წელი რკინის კაფსულში - ვინ იყო ადამიანი, რომელიც რკინის ფილტვებით სუნთქავდა

რკინის ფილტვებიანი კაცის ამბავი ბევრისთვის დაუჯერებელი, ბევრისთვის კი მაგალითია - რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. პოლ ალექსანდერმა, რომელიც პოლიომიელიტით იყო დაავადებული, თითქმის მთელი ცხოვრება - 72 წელი რკინის კაფსულში გაატარა. პოლისა და მისი "ბებერი რკინის ცხენის", როგორც ის თავად უწოდებდა ლითონის ცილინდრს, თანაცხოვრება წლების წინ დაიწყო.

6 წლის პოლის დედა მიხვდა, რომ მისი შვილი პოლიოს ეპიდემიას ვერ გადაურჩა და იმ 58 ათას ადამიანს შორის მოხვდა, რომელიც 1952 წელს აშშ-ში დაინფიცირდა. პოლს ჯერ სახლში მკურნალობდნენ, თუმცა მხოლოდ 5 დღე. პოლიოს ვირუსს ზუსტად 120 საათი დასჭირდა, რომ 6 წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეეცვალა.

სწორედ მაშინ მიხვდნენ პოლის მშობლები, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი იყო. პოლის დედას ერთმა ექიმმა ყველანაირი შანსი გადაუწურა და უთხრა, რომ მისი შვილის გადარჩენა შეუძლებელი იყო, თუმცა სხვა ექიმმა პატარა ბიჭი რკინის კაფსულაში მოათავსა და ასე სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ბრძოლა ყოველდღე და ყოველი ამოსუნთვისთვის 72 წელი გაგრძელდა. პოლმა რთულად, მაგრამ მაინც ისწავლა რკინის კაფსულაში ცხოვრება, მას კონსტრუქციიდან მხოლოდ თავი ჰქონდა გამოყოფილი და ყველაფერს პირის დახმარებით აკეთებდა. ბავშვობაში უყვარდა ხატვა. შემდეგ, სპეციალური კალმის გამოყენებით, ისწავლა პირით ბეჭდვა, კითხულობდა წიგნებს, უყურებდა ტელევიზორს და ცხოვრობდა ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, იმაში კი, რის გაკეთებაც მას დამოუკიდებლად არ შეეძლო, დამხმარე და ერთგული მეგობარი ეხმარებოდა.

პოლი პირველი ადამიანი იყო, ვინც დალასის საშუალო სკოლა გაკვეთილზე ფიზიკურად დასწრების გარეშე დაამთავრა. დაამთავრა უნივერსიტეტიც - გახდა იურისტი და 30 წელი მისი პროფესიით იმუშავა, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნიც სახელად - "სამი წუთი ძაღლისთვის," "რკინის ფილტვებით მცხოვრები კაცის ამბავი."

პოლმა 78 წელი იცხოვრა, გახდა გინესის რეკორდსმენიც - კაცი, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა რკინის ფილტვებით. მისი ყოველი დღე იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის - ამით კი სხვებს მაგალითი მისცა და დაამტკიცა, რომ პოლიო განაჩენი არ არის.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები