სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთნაირი გზით, არაერთი ადამიანი, მაკლერების მოტყუებით, ქუჩაში აღმოჩნდა. თამარ აბულაძე წლების განმავლობაში მეუღლესთან ერთად თანხას ბინის დასაგირავებლად აგროვებდა. შეაგროვა და შემდეგ ინტერნეტში თანხის შესაბამისი ბინის ძებნა დაიწყო.
მაკლერები, რომლებსაც თამარ აბულაძე დაუკავშირდა - სოფიკო ბარკალაია და ანი სოფრომაძე თაღლითები აღმოჩნდნენ, თაღლითური ჯგუფის წევრი იყო ცისანა გრიგალაშვილიც, რომელიც თავს სახლის მეპატრონედ ასაღებდა. მათ თამარ აბულაძეს ვაზისუბნის დასახლებაში 3-ოთახიანი ბინა შესთავაზეს, შემდეგ კი ნოტარიუსთან 10 ათასი დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულება გააფორმებინეს. დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, აბულაძე, ოჯახთან ერთად, თითქოსდა ნაგირავებ ბინაში გადასახლდა, თუმცა სიხარული დროებითი აღმოჩნდა, 3 თვის შემდეგ მას რეალური მეპატრონე დაუკავშირდა და ბინის ქირის გადახდა მოსთხოვა, გადაუხდელობის შემდეგ კი სახლიდან მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოუშვა.
თაღლითმა მაკლერებმა, გამოძიების ინფორმაციით, ათობით ადამიანი მოატყუეს. სქემა ასე მუშაობდა, მაკლერები სახლებს ქირაობდნენ, შემდეგ კლიენტებს ბინის დაგირავებას სთავაზობდნენ, ბინის მესაკუთრედ კი, თანამზრახველებს აცნობდნენ და მათთან მოტყუებით, ე.წ. გირავნობის ნაცვლად, სესხის ხელშეკრულებებს ნოტარიუსებთან აფორმებინებდნენ.
ეფრემიძეების ოჯახიც ამ მაკლერების თაღლითობის მსხვერპლი გახდა. 53 წლის ნანა ეფრემიძემ თანხა შეაგროვა, ნოტარიუსთან ხელშეკრულება კი მისმა ძმის შვილმა გააფორმა. სასესხო ხელშეკრულებები, რომლებზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ, რობაქიძის 7 ნომერში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსმა ზაალ ბათუაშვილმა გააფორმა. ბათუაშვილი დაკავებულია და სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას ედავება. ამავე ბრალდებით, დაკავებულია ბათუაშვილის თანაშემწე და კიდევ ერთი ნოტარიუსი. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
სახლის დაგირავებისთვის, ნიკოლოზ ქანთარიამ ფული არა მაკლერს, არამედ მოქალაქე მანველ მეგრაბიანს გადაუხადა, მაგრამ ისიც ქუჩაში დარჩა. მეგრაბიანი ამ ბინის რეალური მეპატრონე არაა, თუმცა დაგირავების უფლება მინდობილობით ჰქონდა. ქანთარიამ მეგრაბიანს, ბეს სახით, ჯერ 500 დოლარი გადაუხადა, რის შემდეგაც მან მიიღო პირობა, რომ, ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებისა და 14 ათასი დოლარი გადახდის შემდეგ, მეგრაბიანი სახლიდან სხვა დამგირავებლებს გაისტუმრებდა და მას შეუშვებდა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მანველ მეგრაბიანმა 14 ათასი დოლარი აიღო, თუმცა დანაპირები არ შეასრულა, ნიკოლოზ ქანთარია კი უსახლკაროდ დარჩა. მანველ მეგრაბიანი ვაზისუბნის დასახლებაშია რეგისტრირებული. "კურიერი პიესმა" მას სახლში მიაკითხა, თუმცა არავინ დახვდა. მეზობელმა კი თქვა, რომ მეგრაბიანი ამ ბინაში უკვე წლებია აღარ ცხოვრობს.
ნიკოლოზ ქანთარიას საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. "კურიერი პიესმა" იმ ნოტარიუსს მიაკითხა, რომელთანაც ქანთარიამ ხელშეკრულება გააფორმა. ლალი კანდელაკი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს და როგორც თავად ამბობს პოლიციას თავადაც მიმართა.
სახლში, რომლის დაგირავებასაც ნიკოლოზ ქანთარია გეგმავდა, ამ დრომდე სხვა ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის ერთ ერთი წევრი გვიყვება, რომ ქანთარიას მსგავსად მეპატრონემ ამ ბინის დაგირავება სხვებსაც შესთავაზა, თუმცა ისინიც მოტყუვდნენ.
რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რომ, ბინის დაგირავების შემთხვევაში, თაღლითური სქემის მსხვერპლი არ გახდეს. იურისტის თქმით, გასათვალისწინებელი რამდენიმე ფაქტორია.
"ყოველდღიურობაში რასაც ვეძახით ბინის გირაოს, ასეთი რამ სამართალში არ არსებობს. ეს არის სტანდარტული იპოთეკური სესხი ფიზიკურ პირებს შორის. მთავარი, რაც ეპარებათ მოქალაქეებს, არის ის, რომ იპოთეკური სესხი ფიზიკურ პირებს შორის ბათილია იმ შემთხვევაში, თუ ფულის გამსესხებელი იმ ბინაში ცხოვრებას არ იწყებს," - ამბობს იურისტი, ნიკოლოზ მაღედანი.
მაკლერების თაღლითურმა სქემამ უკვე ათობით ადამიანი დააზარა. ახლა ეს ადამიანები საკუთარი თანხის დაბრუნებას ისევ სასამართლოს გზით აპირებენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე