25 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
16 წლის შემდეგ დამდგარი ვერდიქტი - როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 2 ადამიანი დამნაშავედ ცნეს - რატომ ჩაცხრილეს 38 წლის სერჟანტი და კიდევ ვინ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე

სასტიკად მოკლული როინ შავაძის ოჯახისთვის სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგა. ნაფიცმა მსაჯულებმა სერჟანტის მკვლელობაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნეს. ორივე მათგანი, აგვისტოს ომის შემდეგ, ქობულეთთან ახლოს მომხდარი იმ მკვლელობის მონაწილეა, სადაც 38 წლის როინ შავაძე სასტიკად სცემეს და 40 ტყვიით დაცხრილეს.

სერჟანტის წამებით სიკვდილის უმძიმესი ისტორია ასე ვითარდება - 2008 წლის 16 აგვისტო, აჭარის კუდის ხელმძღვანელობა ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე მიდის და ომიდან ახლადდაბრუნებული როინ შავაძის ვინაობას ადგენს. ბაზას ტოვებენ. რამდენიმე საათში კი სერჟანტის თვალთვალი იწყება. სპეცრაზმი შავაძეს ბათუმში, ოქროს ბირჟის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში პოულობს. სამიზნეს თავს ესხმიან, ავტომატის კონდახებით სცემენ და აკავებენ, ნარკოდანაშაულის ცრუ ბრალდებით. მალევე ვრცელდება კიდევ ერთი ყალბი, ვერსია - თითქოს სერჟანტი ქვეყნის მოღალატეა და ამიტომ აიყვანეს. იგეგმება დაკავებულის ბათუმიდან თბილისში ეტაპირება, თუმცა ესკორტი, აჭარა-გურიის საზღვარზე, სოფელ ქაქუთთან ჩერდება და სამხედრო მოსამსახურეს ცხრილავს.

როგორ დაიგეგმა დანაშაული - "კურიერი პიესის" მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, აჭარის კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ჰყვება:

"ჩემმა უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ მითხრა, რომ სამხედრო პირი როინ შავაძე უნდა დაგვეკავებინა. მანვე განმიმარტა, რომ დავალება იყო, შავაძისთვის ჩაედოთ ნარკოტიკი. პატარიძემ მითხრა, რომ ეს ახალაიას დავალებაა და ზედმეტი კითხვების გარეშე უნდა შემესრულებინა. პატარიძემ დაინახა ჩემი წინააღმდეგობა, მან დაუძახა მეორე სამმართველოს უფროსს და მისცა ეს დავალება. პატარიძისგან მაქვს გაგებული, რომ როინ შავაძეს დაკავების ადგილას ფიზიკურად, სასტიკად გაუსწორდნენ და ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს, შემდეგ გაჩხრიკეს და ჩადებული ნარკოტიკი ამოუღეს. პატარიძისგან ვიცი, რომ შავაძის დაკავებისთანავე ესაუბრა ახალაიას და მისგან მიიღო დავალება, რომ მას, როგორც სამშობლოს მოღალატეს, ისე გასწორებოდნენ. პატარიძემ ისიც თქვა, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს დაახვედრა ისეთი სურათი, რომ როინ შავაძე ლიკვიდირებული იქნა გაქცევის მცდელობის დროს. პატარიძე ამბობდა, რომ "ჩვენ მიერ მოკლულ იქნა სამშობლოს მოღალატე და ეს უნდა იყოს მაგალითი სხვისთვის," - ნათქვამია ჩვენებაში.

ვინ არის თემურ პატარიძე - ის საქმის მასალებში, არაერთ დოკუმენტში ფიგურირებს. პატარიძე როინ შავაძის ლიკვიდაციის მთავარ ორგანიზატორად სახელდება. მან საქართველო 2015 წელს დატოვა, გასულ წელს კი, მკვლელობის ორგანიზების ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს დაძებნილად გამოცხადდა. სანამ ქვეყანას დატოვებდა, გამოჰკითხეს. ცნობილია, რომ მან შემთხვევის ადგილზე ყოფნაც კი უარყო.

"კურიერი პიესის" მიერ მოპოვებული ფოტოები კი, საპირისპიროს ამტკიცებს. კადრში თემურ პატარიძე შემთხვევის ადგილზე ჩანს, ჩანს სპეცრაზმის კოლონის სათავეში მდგომი მისი ავტომობილიც. ერთ-ერთ ფოტოში კი, როინ შავაძის ცხედართან, ის იარაღი ფიქსირდება, რომელიც მას, გამოძიების ინფორმაციით, გაქცევის ვერსიის გასამყარებლად დაუდეს. რა მოხდა საბედისწერო ეტაპირებისას - დეტალებს პროკურორი გვიყვება.

"გააჩერეს ავტომობილი, გადმოიყვანეს დაკავებული როინ შავაძე, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა აყენეს, აგინეს და შემდგომ უთხრეს, რომ ის იყო თავისუფალი და გაქცეულიყო, როდესაც უკვე ნაცემი და ფიზიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში როინ შავაძემ დაიწყო გზის გადაკვეთა, ამ დროს გაისმა ბრძანება, რომ ჩაეცხრილათ. სპეცრაზმის თანამშრომლებმა უმოწყალოდ, 40-მდე ტყვია გაისროლეს და 65-მდე დაზიანება მიაყენეს როინ შავაძეს," - განაცხადა პროკურორმა.

რა გახდა სასტიკი დანაშაულის მოტივი, ოჯახის და გამოძიების ვერსია ასეთია - "ომში უსამართლობა, როგორც მოექცნენ ჯარისკაცებს, ხმამაღლა საუბრობდა და ამისთვის დასაჯეს, ვფიქრობ. როგორ მიატოვეს ბიჭები ბრძოლის ველზე."

"2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, შავაძის შემდგომ კუდს შეეწირა პაატა ქარდავა და დავით ცინდელიანი. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ შავაძე უკმაყოფილებას გამოხატავდა, მათ შორის, ხელმძღვანელობის მიმართ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიების მოტივი გახლავთ საზოგადოების დაშინება" - ამბობს პროკურორი.

16 წლის შემდეგ ნაფიცების გამამტყუნებელი ვერდიქტი სროინ შავაძის მეუღლემ და ბრალდებულებმა ერთად მოისმინეს. აჭარის კუდის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, ალი ბალაძის ოჯახს მსჯავრდებულის უდანაშაულობის სჯერა და პასუხისმგებლობას სხვა პირებს აკისრებენ.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სპეცრაზმელ მამუკა ბერიძესაც. ბალაძის მსგავსად, ბრალს არც ის აღიარებს.

ნაფიცი მსაჯულების უმრავლესობისთვის მტკიცებულებები დამაჯერებელი აღმოჩნდა.

ამ საქმეზე განაჩენს კიდევ 10 ადამიანი ელოდება, მათ შორის, 2 ძებნილი - პატარიძე და კიდევ ერთი სპეცრაზმელი. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ახლა მოკლულის ოჯახის მოთხოვნა დამკვეთების დასჯაა.

 

დღის ამბები