25 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
პუტინის არჩევნების პარალელურად, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსმა მოხალისეებმა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში თავდასხმები მოაწყვეს

პუტინის არჩევნების პარალელურად, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსმა მოხალისეებმა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში თავდასხმები მოაწყვეს. ეს არის უკრაინის საზღვრისპირას მდებარე რეგიონი - ბელგოროდი და კურსკი. აქ არჩევნები საჰაერო განგაშის და პანიკის ფონზე ჩატარდა.

"რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების" ინფორმაციით, მათი ქვედანაყოფები ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის მოხალისეებთან ერთად შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ "გორკოვსკში" და დაიკავეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა. გორკოვსკი უკრაინის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 მარტის ღამეს მოსკოვში, კურსკში, ბელგოროდსა და კიდევ 4 რეგიონში, 35  უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ბელგოროდზე იერიშებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს რუსი ჯარისკაცები.

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ცხელ წერტილებს, ასეთად კვლავ დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი რჩება. საბრძოლო მასალისა და შეიარაღების დეფიციტის ფონზე, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც ქალაქი ავდიივკა უკრაინელებმა დაკარგეს, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, თუ რომელი დასახლებული პუნქტი იქნები რუსეთის შემდეგი სამიზნე.

რუსეთის არმია დონეცკის რეგიონის 65%-ს აკონტროლებს. დარჩენილი 35%-ისთვის კი ბრძოლას აგრძელებს. მიმდინარე კვირას ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზეც, სადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 70 ადამიანი, რის გამოც ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა.  

დღის ამბები