25 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
რამდენიმე მოსამართლე ემხრობა ე.წ. ვეტინგი გავრცელდეს 57 კოლეგაზე, რითაც ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ მათი არაკეთილსინდისიერება საეჭვოა - ეს პოზიცია უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსების შემლახავია - სერგო მეთოფიშვილი

რამდენიმე მოსამართლე ემხრობა - ე.წ. ვეტინგი გავრცელდეს მათ 57 კოლეგაზე; ამით ისინი ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ამ 57 მოსამართლის არაკეთილსინდისიერება მინიმუმ საეჭვოა და გადამოწმებას ექვემდებარება უცხოელების მიერ. ეს პოზიცია უკვე არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსების შემლახავი - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

მეთოფიშვილის თქმით, აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ამ განცხადებით მწვანე შუქს უნთებს ე.წ. ვეტინგის გავრცელებას - არამარტო ჯერჯერობით უცხოელების მიერ სუბიექტური ნიშნით მიზანში ამოღებულ 57 მოსამართლეზე, არამედ მიესალმება ამ პროცედურის დაწყებას მთელი სასამართლო სისტემის მიმართ.

მისივე თქმით, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერად გვევლინებიან ის მოსამართლეები, რომლებიც ზემოთ მითითებული 57 მოსამართლის სიაში არ არიან, რომლებზეც არც შესაბამისი მოთხოვნა და შესაბამისად მათზე ე.წ. ვეტინგის გავრცელების ფორმალური საფუძველი ამ ეტაპზე, არ არსებობს.

მეთოფიშვილის განცხადებით, ის და მისი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მათ ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შეეწინააღმდეგებიან ე.წ. ვეტინგის შემოღებას საქართველოში, არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების ეშინიათ, არამედ ე.წ. ვეტინგის უკიდურესად უხეში, არალეგიტიმური ფორმის, ასევე - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი ეფექტის გამო.

"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე მოსამართლის აბსოლუტურად არაკოლეგიალურ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის აშკარა საფრთხის შემცველ მოწოდებებს სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის ჩატარებასთან დაკავშირებით. სრული სურათის შესაქმნელად, აუცილებლად უნდა მივუთითო გარკვეულ, ქრონოლოგიურად განვითარებულ მოვლენებზე.

ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგმა“(დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი), მისივე განცხადებით ,,ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე“, 2024 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა იმ 57 მოსამართლის სია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 მოსამართლე წევრი, სხვადასხვა სასამართლოების 24 თავმჯდომარე და პალატების/კოლეგიების 3 თავმჯდომარე), რომელსაც ე.წ. ვეტინგი უნდა შეეხოს. ასევე ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა სუბიექტთაგან წარდგენილია საკანონმდებლო წინადადებები ე.წ. ვეტინგისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად, რასაც აქტიურად მხარს უჭერენ გარკვეული პოლიტიკური ძალები და ე.წ. არასამთავრობო სექტორი.
შექმნილი ვითარების საპასუხოდ, 2024 წლის 11 მარტს შეიკრიბა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი, რომელსაც ესწრებოდა ამავე სასამართლოს 22 მოსამართლე. პლენუმმა, დამსწრეთა დიდი უმრავლესობით(20 მომხრე. 2 მოწინააღმდეგე), შეიმუშავა და საჯაროდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც არგუმენტირებულად არის დასაბუთებული ე.წ. ვეტინგის არაკონსტიტუციურობა და აბსოლუტური დაუსაბუთებლობა საქართველოს სასამართლოსთან მიმართებით.

აღნიშნულ განცხადებას ხმა მისცა 20-მა მოსამართლემ, ხოლო არ დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე: ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი (სწორედ ეს 2 მოსამართლე „რატომღაც“ ამოღებულია ე.წ.ვეტინგის სიიდან, უზენაესი სასამართლოს სხვა 25 მოსამართლე კი ვეტინგის პროცედურას ექვემდებარება, მავანთა მოთხოვნით), რომელთა მოსაზრებით, ე.წ. ვეტინგი აუცილებელია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვის მიზნით, რის გამოც მზად არიან - თვითონაც და აქედან გამომდინარე, მთელი სისტემაც დაექვემდებაროს ამ პროცედურას.

2024 წლის 14 მარტს, ე.წ. ვეტინგს მხარი დაუჭირა კიდევ რამდენიმე მოსამართლემ (რომლებიც „დასავეტინგებელთა“ სიაში არ შედიან) ქვედა ინსტანციებიდან იმავე მოსაზრებებით, რაზეც მიუთითებდა უზენაესი სასამართლოს ზემოთ აღნიშნული 2 მოსამართლე.
ამდენად, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერად გვევლინებიან ის მოსამართლეები, რომლებიც ზემოთ მითითებული 57 მოსამართლის სიაში არ არიან, რომლებზეც არც შესაბამისი მოთხოვნა და შესაბამისად მათზე ე.წ. ვეტინგის გავრცელების ფორმალური საფუძველი ამ ეტაპზე, არ არსებობს.
შესაბამისად, გამოდის, რომ:

ა) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ემხრობა - ე.წ. ვეტინგი გავრცელდეს მათ 57 კოლეგაზე; ამით ისინი ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ამ 57 მოსამართლის არაკეთილსინდისიერება მინიმუმ საეჭვოა და გადამოწმებას ექვემდებარება უცხოელების მიერ. ეს პოზიცია უკვე არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსების შემლახავი.

ბ) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ამ განცხადებით მწვანე შუქს უნთებს ე.წ. ვეტინგის გავრცელებას - არამარტო ჯერჯერობით უცხოელების მიერ სუბიექტური ნიშნით მიზანში ამოღებულ 57 მოსამართლეზე, არამედ მიესალმება ამ პროცედურის დაწყებას მთელი სასამართლო სისტემის მიმართ, ვითომ თავიანთი პირადი მზაობის მოშველიებით, რისი არავითარი საფუძველი, ე.წ. ვეტინგის თავგადადებულ მომხრეებისა და ინიციატორების მიერ გაჟღერებული მოსაზრებების მიხედვითაც კი, ფორმალურად არ არსებობს! ანუ, ეს მოსამართლეები ერთის მხრივ მათი კოლეგების გადამოწმების მოთხოვნას მიესალმებიან, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოითხოვეს სასამართლო სისტემის მიმართ საკუთარი ტენდენციურობით გამორჩეულმა სუბიექტებმაც კი და შესაბამისად მთელი სასამართლო კორპუსის, უცხოელების ვეტინგის „წნეხის“ ქვეშ გატარებას მოითხოვენ.

ცნობილია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურით მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ მათი ,,ქონების, პროფესიონალიზმისა და პიროვნულ-პროფესიული წესიერების“ მიხედვით. ამდენად, საუბარია არა მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის შესწავლაზე; შემოწმება მოიცავს ასევე სამოსამართლო საქმიანობის სხვა ასპექტებსაც კვალიფიციურობის, მოწესრიგებულობის გადამოწმებას (მათ შორის - საქმეთა განხილვისას საპროცესო ვადების დაცვის საკითხებსაც!), რის შედეგადაც, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ საქმეთა სიმრავლის პირობებში, საკმაოდ ადვილი იქნება - ნებისმიერ, ე.წ. ვეტინგის ჩამტარებელი სუბიექტისათვის არასასურველ მოსამართლეს შეუქმნან პრობლემები ამ თვალსაზრისით, იმის მიუხედავადაც, რომ საპროცესო ვადების დაცვა ობიექტურად არის შეუძლებელი. ე.წ. ვეტინგის ინიციატორთათვის და განმახორციელებელთათვისაც ობიექტურობა ხომ მეასეხარისხოვანია, მთავარია - მიღწეულ იქნეს სასამართლოს ხელისუფლების დაშინების, მასზე ანგარიშსწორების და დამორჩილების მიზანი, რაც მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით.

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: უზენაესი სასამართლოს სწორედ ზემოთ ხსენებული 2 მოსამართლის(ბაქაქურის, გასიტაშვილის) მიმართ გაიცა აშშ-ის საელჩოსგანაც და ევროპული სტრუქტურებისგანაც უპრეცედენტო, კონსტიტუციის საწინააღმდეგო რეკომენდაცია მათი თანამდებობებზე ყოველგვარი კონკურსის გარეშე პირდაპირ უვადოდ გადანიშვნის თაობაზე, მაშინ როდესაც იმავე ა.შ.შ-ს და ევროსტრუქტურების მოთხოვნით საქართველში დაინერგა აქამდე უპრეცედენტო, უმაღლესი სტანდარტის ურთულესი პროცედურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გასამწესებლად. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი,რომ როგორც უკვე აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს ყველა დანარჩენი მოსამართლისგან განსხვავებით, ეს 2 მოსამართლე ე.წ. ვეტინგის სიაშიც არ შეიყვანეს!

კიდევ უფრო საგულისხმოა ერთი გარემოება: ნინო ბაქაქურს სამოსამართლეო 10 წლიანი ვადა ეწურება დაახლოებით 7 თვეში და შესაბამის ვაკანსიაზე ამჟამად გამოცხადებულ კონკურსში იგი აღარ ღებულობს მონაწილეობას და შესაბამისად დარჩენილი რამდენიმეთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს თანამდებობას და რა ვეტინგზე საუბრობს საკუთარ თავთან მიმართებით, მეტად საინტერესოა?
ასევე საყურადღებოა საბოლოო სურათის შეჯამება ე.წ. ვეტინგის იმ შედეგების მოკლე მიმოხილვით, რომელიც ფაქტობრივად დადგა ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, მაგალითად - ალბანეთსა და უკრაინაში.

ალბანეთში მოქმედი დაახლოებით 280 მოსამართლიდან 35 მოსამართლემ დატოვა თანამდებობა პირადი განცხადებით, დაახლოებით 1/3-მა შეინარჩუნა თანამდებობა, დანარჩენი დაახლოებით 150 მოსამართლე განდევნილ იქნა სისტემიდან ე.წ. ვეტინგის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა, რომელიც 2015-2016 წლებიდან დაიწყო, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და მისი თავგადადებული მომხრეებიც კი ვეღარ პროგნოზირებენ, თუ როდის დასრულდება, ან საერთოდ მიიღწევა კი ის მიზნები (სამართლის უზენაესობის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა და ა.შ.), რასაც ე.წ. ვეტინგი ემსახურება. ბოლომდე პარალიზება გაუკეთდა უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს, სადაც თითო მოსამართლე დატოვეს მხოლოდ და ა.შ.

უკრაინაში ე.წ. ვეტინგის 1-ლი ეტაპი დაიწყო 2016 წელს, რის შედეგადაც 2000-მდე მოსამართლემ დატოვა თანამდებობა, რომელთა არასრული ჩანაცვლებაც მოხდა ,,სასურველი“ კადრებით, თუმცა - ამას მოჰყვა კრიზისი სასამართლო სისტემაში, კადრების უკმარისობის გამო, რაც უარყოფითად აისახა მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე.

2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში უქმდება მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა(და შესაბამისად შემდეგი წლიდან ყველა მოსამართლე უვადოდ გამწესდება საპენსიო ასაკამდე, გამოსაცდელი ვადის გარეშე) რაც ა.შ.შ.-ს და ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, ვინაიდან მათი მოსაზრებით გამოსაცდელი ვადა ზღუდავდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. ახლა კი იგივე სუბიექტები ითხოვენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სრულ, ხელახალ შემოწმებას, რაც თითოეულ მათგანს თავის დროზე გავლილი აქვს. ამდენად, ასე პერიოდულობით იგივე წარმატებით შეიძლება ვეტინგის მოთხოვნა როცა მავანს მოესურვება, რაც ცალსახად სასამართლო სისტემის და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შემლახველ აშკარა მოდელს შექმნის. ამ ლოგიკით ბარემ ვეტინგის მომხრეებმა მოითხოვონ, რომ ჩაიწეროს პირდაპირ კანონში, რომ როდესაც მათ (აქაურ არასამთავრობოებს და რიგ დონორებს) მოესურვებათ სასამართლო სისტემაში ჩატარდეს ე.წ. ვეტინგი ანუ გახსნილად გამოცხადდეს „მოსამართლეებზე ნადირობის სეზონი“. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ძალიან მწარე გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას იმ „არაოფიციალური ვეტინგის“, რომელიც სასამართლო სისტემაში 2004-2005 წლებში ჩატარდა და მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა განდევნილ იქნა სისტემიდან, მაშინაც სწორედ „სასამართლოს გაჯანსაღების“ ლოზუნგის საფარქვეშ.

დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით ე.წ. ვეტინგის შემოღებას საქართველოში, არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების გვეშინია, როგორც ამას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახავენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, არამედ ე.წ. ვეტინგის ზემოთ აღწერილი უკიდურესად უხეში, არალეგიტიმური ფორმის, ასევე - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი ეფექტის გამო!“- ნათქვამია სერგო მეთოფიშვილის განცხადებაში.

დღის ამბები