25 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ტყის მართვა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობა - რას ითვალისწინებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული მემორანდუმი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოაწერეს.

მემორანდუმი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

"შეიქმნება ერთობლივი კომისია, რომელიც ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს", - აცხადებენ სამინისტროში.

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მემორანდუმის გაფორმებას ისტორიული ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ, როგორც მემორანდუმი, ასევე ერთობლივი კომისია უფრო გააღრმავებს და ნაყოფიერს გახდის თანამშრომლობას.

დღის ამბები