ამერიკის შეერთებულ შტატებში, წითლების და ლურჯების დაპირისპირება პიკს აღწევს. საპრეზიდენტო მარათონის ფონზე ისევ განხილვის თემაა სპეციალური პროკურორის დასკვნა ჯო ბაიდენზე, სადაც მან მოქმედ პრეზიდენტს "ცუდი მეხსიერების მქონე, ხანდაზმული მამაკაცი" უწოდა. რობერტ ჰური ამ დასკვნის გამო კონგრესშიც დაიბარეს. დემოკრატები იმითაც აპელირებენ, რომ სპეციალური პროკურორი პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში დონალდ ტრამპმა დანიშნა, ამბობენ იმასაც, რომ მეხსიერების პრობლემები ამერიკის 45-ე პრეზიდენტსაც ჰქონდა.
აჩვენეს ვიდეომასალაც, სადაც ტრამპმა ვიქტორ ორბანს თურქეთის ძლევამოსილი ლიდერი უწოდა. რესპუბლიკელებმა კი გაიხსენეს, თუ როგორ მოიხსენია ბაიდენმა ეგვიპტის ლიდერი მექსიკის პრეზიდენტად. ყველაფერი კი საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესების დარღვევის საქმით დაიწყო, რომლის გამოც რესპუბლიკელები ბაიდენის იმპიჩმენტს ითხოვენ.
საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესების დარღვევის საქმეზე, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიება, ჯო ბაიდენს არ ამართლებს. ამის შესახებ განაცხადა სპეციალურმა პროკურორმა რობერტ ჰურმა, რომლის ანგარიში, უკვე რამდენიმე კვირაა შეერთებულ შტატებში განხილვის თემაა. სპეციალური პროკურორი თითქმის 4 საათის მანძილზე პასუხობდა კონგრესმენების შეკითხვებს მისი ანგარიშის შესახებ, რომელიც პრეზიდენტის მეხსიერების პრობლემებსაც ეხებოდა და ბაიდენის საარჩევნო კამპანიას უდიდესი დარტყმა მიაყენა.
რობერტ ჰური მისი მისამართით მწვავე განცხადებებს ორივე პარტიის წევრების მხრიდან ისმენდა. რესპუბლიკელებს სურთ ბოლომდე მიიყვანონ 81 წლის პრეზიდენტის იმპიჩმენტი და უკმაყოფილოები არიან, რომ ჰურმა ბაიდენის წინააღმდეგ საქმის აღძვრა არ მოითხოვა. დემოკრატები კი ცდილობენ იმპიჩმენტის უსაფუძვლობა დაამტკიცონ და ამასთან, ბაიდენის კამპანიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ ტრამპის მიერ დანიშნულ რესპუბლიკელ პროკურორს, რომლის მოხსენებაში, ჯო ბაიდენი დახასიათებულია როგორც "ცუდი მეხსიერების მქონე, ხანდაზმული მამაკაცი".
კანდიდატების მეხსიერების თემაზე სასაუბროდ, ორივე პარტია კარგად მოემზადა. სხდომათა დარბაზში მორიგეობით გაუშვეს ბაიდენის და ტრამპის შეცდომების შესახებ დამონტაჟებული ვიდეოები. მათ შორის შემთხვევა, როდესაც ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტი მექსიკის პრეზიდენტად მოიხსენია და ტრამპის გამოსვლა, რომელშიც მან ვიქტორ ორბანს თურქეთის ძლიერი ლიდერი უწოდა.