25 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
რუსეთში მიმდინარე არჩევნები დივერსიების ფონზე - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. საარჩევნო პროცესს კი არ აღიარებენ და აპროტესტებენ მსოფლიო ლიდერები

პუტინის არჩევნები - დღე მეორე. რუსმა ამომრჩევლებმა პუტინის 25 წლიანი მმართველობა 6 წლით ლეგიტიმურად დაამოწმეს - ასეთია წინასწარი შედეგები. ერთპიროვნული დიქტატურის ფონზე ვლადიმერ პუტინის რეჟიმი უკონკურენტოა, თუმცა კრემლის ფსევდოდემოკრატიას წლევანდელ არჩევნებზე წყალი შეუდგა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიტიკური გავლენის გამყარებისა და უხეში აგიტაციის შესახებ, დღეს თითქმის ყველა საუბრობდა. მსოფლიო ლიდერები პროცესს აპროტესტებენ და არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მცირე, თუმცა პროტესტი ხმა ისმოდა თავად რუსეთშიც, მოქალაქეების ნაწილს პუტინის დაუსურლებელი რეჟიმის დასასრული სურს. იმედის ხმა კი სამართალდამცველებმა, ტრადიციულად დაკავებებით ჩაახშეს.

თავდასხმა საარჩევნო უბანზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით - სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ამომრჩეველმა წინასწარ განსაზღვრული შედეგების და მყარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისთვის სცადა.

ე.წ. მოლოტოვი არ ყოფილა სამოქალაქო პროტესტის გამოხატვის ერთადერთი ფორმა. მოქალაქეები პუტინის კარგად ნაცნობ პროპაგანდას აპროტესტებენ და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნას კრემლი აიგნორებს, თუმცა ფსევდო არჩევნებს კონკრეტული მოქალაქები კონკრეტული წინააღმდეგობებით დახვდნენ.

იციან, რომ დააკავებენ და იციან, რომ რეჟიმი დაუსჯელს არ დატოვებთ, მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ყველა პირი, ვინც ფიქტიური არჩევნები გააპროტესტა დაკავებულია. მათ წლობით პატიმრობა ემუქრებათ. გაჩნდნენ დივერსანტებიც. ჯგუფი, რომელიც რეჟიმის არჩევნებს წინააღმდეგობას ძალისმიერი მეთოდით ებრძვის. იყო შეიარაღებული თავდასხმებიც.

უკვე მეორე დღეა პუტინი საკუთარი პოზიციის განტკიცებას უკრაინის მოქალაქეებით ცდილობს. უპირობო, უკონკურენტო კანდიდატი, ტრადიციულად, თავადაა. 25 წლიანი ერთპიროვნული ძალაუფლების შედეგი ასეთია: ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ უკრაინელებს ხმის მიცემას პუტინის სასარგებლოდ სამხედროების თანდასწრებით, ძველ მანქანაზე მოთავსებულ საარჩევნო ყუთთან აიძულებენ.

კრემლის არჩევნები მსოფლიო ლიდერებისთვის არალეგიტიმურია.

რუსული არჩევნები დაიგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც.

პუტინის არჩევნების რეალობა ასეთია - კენჭს ოპოზიციის არცერთი კანდიდატი არ იყრის. 71 წლის ვლადიმერ პუტინს სამი სიმბოლური კონკურენტი ჰყავს - კანდიდატები კრემლის მეგობარი პარტიებიდან, რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი სახის კრიტიკისგან, შეეხება ეს ყოველდღიურ პოლიტიკურ თემებს თუ უკანონო, აგრესიულ ომს.

დღის ამბები