25 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული ტურნე აზერბაიჯანიდან დაიწყო - ირაკლი კობახიძეს ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა

აზერბაიჯანი პირველი მეზობელი ქვეყანაა, საიდანაც საქართველოს ახალმა პრემიერმა რეგიონალური ტურნე დაიწყო. ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი უკვე ზაგულბას სასახლეში, ქართულ დელეგაციას თბილად დახვდნენ. სასაუბროც ბევრი იყო. რიგით მე-5 სავაჭრო პარტნიორთან 15 %-ით გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე, მეორეს მხრივ კი ერთად დაწყებულ ამბიციურ ენერგეტიკულ პროექტებზე მსჯელობას - ილჰამ ალიევმა და ირაკლი კობახიძემ დიდი დრო დაუთმეს. შედეგად ჩანს, რომ საუკუნოვან მეგობრებს თანამედროვე ეპოქაში ნავიგაციაზე ერთნაირი წარმოდგენა აქვთ.

თბილისშიც და ბაქოშიც კარგად აცნობიერებენ, რომ ისინი კონტინენტზე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან. ეს რუსეთის აგრესიამ და ევროპის ენერგოპრიორიტეტების ცვლილებამ გამოიწვია. ამიტომ, გარდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა, რომელიც ევროპას ელექტროენერგიას მიაწვდის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი -ერზრუმისა თუ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მსგავსად, ახალი პროექტებია ასათვისებელი.

ამ უკანასკნელზე ითქვა, რომ ყარსის რკინიგზის 5 მილიარდ ტონამდე გაზრდილი უნარები 2 თვეში უკვე რეალობა იქნება. თუმცა იმისათვის, რომ ამ პროექტებს საფრთხე არ შეექმნას, რეგიონში მშვიდობაა საჭიროა. ამ საკითხზე მხარეებს განსხვავებული პოზიციები არცერთ პუნქტში არ აქვთ.

პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური ზრდა, განახლებადი რესურსებით პოზიციონირება, მწვანე ენერგეტიკა და დაკავშირებადობის საკითხები განხილვის თემა იყო არა მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, არამედ პრემიერთანაც. ალი ასადოვმა ქართველ კოლეგას პირისპირაც ესაუბრა და გაფართოებულ ფორმატშიც.

დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ საუბარი ასევე შეეხო უახლოეს პერიოდში ორმხრივ, მთავრობათაშორის სხდომის დაგეგმვასაც. მხარეები ოფიციალურ სადილსაც დაესწრნენ, სადაც ითქვა, რომ აზიისა და ევროპის დამაკავშირებლის როლი ორმა ქვეყანამ სათავისოდ უნდა მოირგოს, ამის შესაძლებლობას კი თავად ეპოქა იძლევა. ვიდრე მასპინძლებს სტუმრად საქართველოში მოიპატიჟებდა, ირაკლი კობახიძემ, ქვეყნის პატივსაცემად ჰეიდარ ალიევის საფლავსა და მარადიული ცეცხლის მემორიალს მიაგო პატივი. შემდეგი გაჩერება სომხეთია.

დღის ამბები