25 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ორ ქვეყანას - ირაკლი კობახიძე

საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

კობახიძის თქმით, არის მასშტაბური მეგაპროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით.

"დღეს შეხვედრაზე საუბრისას შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება, განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების ძალიან სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცემულობების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება. სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში არის ძალიან დიდი პერსპექტივა, თანამშრომლობის განვითარების, რაზეც პრეზიდენტმა ალიევმაც ისაუბრა.

ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. ვიზიტები, მაღალი დონის შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის მაქსიმუმი გაკეთდება", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები