25 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში, წარმატებული თანამშრომლობა.
ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურის რანგში ბაქოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის განსაკუთრებულ როლზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნეს, რომ სხდომის გამართვა ახლო მომავალში იგეგმება.

ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და კონსტრუქციული დიალოგის როლს ამ პროცესში. პრემიერმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.
ირაკლი კობახიძემ ალი ასადოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

დღის ამბები