იუსტიციის სახლებში დილიდან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები, 2011 წლის 28 ივლისამდე აღებულ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს ცვლიან. ძველი, უვადო დოკუმენტი, ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვლება.
პირველი ივლისიდან, ლამინირებული პირადობის მოწმობებით მოქალაქეები სახელმწიფო სერვისებით ვეღარ ისარგებლებენ. თუმცა, ძველი მოწმობის "აიდით" უფასოდ ჩანაცვლების აქცია, ივლისის შემდეგაც გაგრძელდება.
ახალ პირადობის მოწმობას მიიღებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო, იუსტიციის სახლებში მისვლას ვერ ახერხებენ. მოწმობების უფასოდ შეცვლა, ქვეყნის მასშტაბით არსებულ 100-ზე მეტ იუსტიციის სახლსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებშია შესაძლებელი.
გადაწყვეტილების მიზნობრიობაზე საუბრობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. ცესკო-ში ამბობენ, რომ მოქალაქეები, რომლებიც ლამინირებულ მოწმობას "აიდით" ცვლიან, მოდერნიზებულ და ტექნოლოგიურ არჩევნებში მონაწილეობას, სრულყოფილი დოკუმენტაციით შეძლებენ. ელექტრონულად ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე კი, ხმის მიცემის პროცესი გამარტივდება.
ლამინირებული პირადობის მოწმობების, "აიდი" ბარათებით ჩანაცვლება, პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შესაბამისად მიმდინარეობს.