25 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
გულგრილი მიდგომა დაზარალებულების მიმართ თუ ტექნიკური მიზეზები - წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ფულად კომპენსაციებს უგვიანებს

გულგრილი მიდგომა დაზარალებულების მიმართ თუ ტექნიკური მიზეზები? - საქართველოს ერთადერთი მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოპოზიციონერი მერი, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას, ფულად კომპენსაციებს უგვიანებს.

მზეხა მარღიას ღამის გათენება უკვე თვეზე მეტია თითქმის ღია ცის ქვეშ უწევს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მცხოვრები ოჯახი, ახალ რეალობაში 6 თებერვალს აღმოჩნდა, როცა სტიქიამ მათი სახლი დააზიანა. ძლიერმა ქარმა, 2 სართულიან სახლს სახურავი თითქმის სრულად გადახადა. საკუთარი ფინანსებით პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ. დაზარალებულს კომპენსაცია წალენჯიხის მერიამ უნდა მისცეს, თუმცა მათ თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ.

მზეხა მარღიას მსგავსად, კომპენსაციის მიღებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორასამდე ოჯახი ელოდება. ისინიც თებერვლის ძლიერმა სტიქიამ დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერი კომპენსაციის გაცემის დაგვიანებას, ტექნიკური პრობლემებით ხსნის. გიორგი ხარჩილავა "კურიერთან" ამტკიცებს, რომ პროცესი საბანკო პროცედურების გამო შეფერხდა.

"ქართული ოცნების" ადგილობრივ წარმომადგენლებს, გიორგი ხარჩილავას პოზიციის არ სჯერათ. ამბობენ, რომ ზიანის ასანაზღაურებელი თანხა, 213 ათასი ლარი წალენჯიხისთვის 29 თებერვალს გამოიყო. ფული მუნიციპალიტეტს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკვე ჩარიცხული აქვს და დღემდე მერიის ანგარიშზე დევს.

5-6 თებერვლის სტიქიამ, ადგილობრივები სამეგრელოს სხვა რეგიონებშიც დააზარალა. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსაციის გასაცემი თანხები ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებისთვისაც გამოიყო. წალენჯიხისგან განსხვავებით, ამ რაიონებში ზარალის ანაზღაურების პროცესი დასრულების ეტაპზეა.

ძლიერმა ქარმა მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზიანი 187 ოჯახს მიაყენა. სტიქიამ ძირითადად სახლების სახურავები დააზიანა. დაზარალებულები, პრობლემის მოსაგვარებლად, კომპენსაციის მიღებას ამ დრომდე ელოდებიან.

დღის ამბები