25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი საზარელი ფაქტი - ყეფით შეწუხებული 33 წლის მამაკაცი, მიუსაფარ ძაღლს ნაჯახით გაუსწორდა

მოსამართლე დღეს ორი საათის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, თუ რატომ გაიმეტა 33 წლის მამაკაცმა მიუსაფარი ცხოველი. გამოძიების ინფორმაციით, თეთრიწყაროში ყეფით შეწუხებულმა ზვიად გასპაროვმა ძაღლს თავში ნაჯახი ჩაარტყა. თავად ბრალდებულმა სასამართლოში დუმილის უფლება გამოიყენა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რადგან ძაღლი გასპაროვის მიმართ აგრესიული იყო. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები პროცესზე პროკურორმა წარადგინა და დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა.

დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს მეზობლებმა აცნობეს. პოლიციას ადგილზე სასტიკად დასახიჩრებული ცხოველი დახვდა. გასპაროვი დააკავეს, მისი სახლის ჩხრეკისას კი დანაშაულის იარაღთან ერთად ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს. ბრალდებულის ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მომხდარს ვერ აცნობიერებს.

ბრალდებული წარსულში ორჯერ ნასამართლევია. ის ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ახლა მისი ფსიქიკური მდგომარეობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მანამდე კი სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ცხოველის მიმართ სასტიკის მოპყრობის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ბრალდებით, 33 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე, თუმცა ბრალდებულის მოთხოვნით ადვოკატს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გასპაროვს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები