25 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორგანიზაცია "ნავალნის საბრძოლო დაჯგუფება" ერთვება - ტელეგრამის არხზე მათ რუსეთში, არჩევნების დღეს ტერაქტები დააანონსეს

5 დაღუპული და 44 დაშავებული, მათ შორის 12 ბავშვი - საოკუპაციო ძალამ კრივი-რიჰი დაბომბა. "იქს-59" ტიპის რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, ჩამოინგრა 9 სართულიანი შენობის ნაწილი. ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მრავალსართულიანი კომპლექსი ამოიღო მიზანში საოკუპაციო ძალამ სუმშიც. ადგილზე დაიღუპა 2 ადამიანი, ნანგრევებში გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.

რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაკარგი რიაზანის ნავთობ ქარხანაა. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს ერთდროულად რამდენიმე დრონმა შეუტია. აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. დრონით თავდასხმა მოხდა ნიჟნეგოროდის და ლენინგრადის ოლქებზეც. სამიზნე აქაც ნავთობ ობიექტები იყო.

უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა რუსეთის სხვა ტერიტორიაზეც. კრემლის ინფორმაციით, უკანასკნელ 24 საათში 60 დრონი ჩამოაგდეს. მომხდართან კავშირს კიევი უარყოფს, რუსული დივერსიული ჯგუფები კი საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ არაერთ შეტევას აანონსებენ. რამდენიმე დაჯგუფება აცხადებს, რომ ბრძოლა კურსკის და ბელგოროდის ტერიტორიაზე გრძელდება ამ წუთებშიც. იერიში მიიტანეს "ეფ-ეს-ბეს" შენობასა და ოკუპანტების სამეთაურო პუნქტზე. დივერსანტები კურსკის და ბელგოროდის სამხედრო ობიექტების სრული განადგურებით იმუქრებიან. ადგილობრივ ხელისუფლებას კი მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

ბრძოლაში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ერთვება ორგანიზაცია "ნავალნის საბრძოლო დაჯგუფება". ტელეგრამის არხზე მათ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ტერაქტები დააანონსეს.

სამიზნეს ვლადიმირ პუტინის აზრით არჩევს კიევი. ე.წ დივერსიული ორგანიზაციები კი მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერორისტული დაჯგუფებებია. ამის ფონზე, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ იმუქრება და ამბობს, რომ მის არსენალში ბირთვული იარაღია.

რუსული თავდასხმის შედეგად ფრონტის მთელ ხაზზე ლიკვიდირებულია 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი. ამის შესახებ ცნობებს საოკუპაციო ძალის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საკუთარ დანაკარგზე არაფერს ამბობს უკრაინული მხარე. გენშტაბში აგრესორის ზარალს ითვლიან. უწყებაში აცხადებენ, რომ უკანასკნელ 24 საათში მოკლეს 980 რუსი ჯარისკაცი, გაანადგურეს 5 ტანკი და 32 საარტილერიო სისტემა.

 

 

დღის ამბები