ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, არ ეთანხმება რომის პაპის კომენტარს იმის შესახებ, რომ უკრაინამ, ომის დასასრულებლად, მოლაპარაკება უნდა აწარმოოს.
"თუ გვინდა, მივაღწიოთ გრძელვადიან სამშვიდობო გადაწყვეტას მოლაპარაკებების გზით, ამის გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სააგენტო Reuters-ის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის.
"ის, რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, განუყოფლად უკავშირდება ბრძოლის ველზე სიძლიერეს. ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის. ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. ასევე, ეს საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის", - აღნიშნა ნატო-ს ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, რომის პაპს მიაჩნია, რომ უკრაინას "თეთრი დროშის გამბედაობის" გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად.