ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ახალ ინიციატივაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება შესაძლო დანაშაულების პრევენციითა და სტრატეგიული რესურსების გადარჩენის მიზნით ახსნა.
საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე მეტი ტყის საფარია. გარემოს დაცვის სამინისტროში ამ ბუნებრივი სიმდიდრის მოვლასა და გაფრთხილებაზე აკეთებენ აქცენტს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ხე-ტყის უკანონოდ ჩეხვასა და მოპოვებაზე კანონი უნდა გამკაცრდეს.
ტყის უკანონოდ სარგებლობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, "კურიერთან", კონკრეტული სტატისტიკაც დაასახელა.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის გარდა, გასულ წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მიმდინარე წელს კი, უკვე - ასამდე ფაქტი. უკანონო ქმედებების პრევენციისთვის, პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. ინიციატივა მისაღებია ოპოზიციის ნაწილისთვისაც.
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები კანონპროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ შევა.