25 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ახალი პოლიტიკური პარტია ძველი სახეებით - როგორ გამოიყურება გვარამიასა და მელიას პოლიტიკური ერთობა

ახალი ლოგო, ახალი საარჩევნო ნომერი და ძველი პოლიტიკური სახეები - ასე გამოიყურება ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური ერთობა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებენ. ამბობენ, რომ, არჩევნების შემდეგ, ითანამშრომლებენ ყველასთან "ოცნების" წინააღმდეგ. თუმცა, ყველაში მელიასთვის ნაცმოძრაობის მთავარი დამფინანსებელი - დავით კეზერაშვილი არ იგულსიხმება. განსხვავებულია გვარამიას პოზიცია.

ორი ნიკას "ახალში" ახალს ვერაფერს ხედავს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გვარამიასა და მელიას ნაცმოძრაობისგან დისტანცირების სიმულაციური მცდელობა არადამაჯერებლად გამოიყურება. საარჩევნო ნომრის ცვლილება კი მიზნად მხოლოდ ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას დღეს წარსულში გვარამიასგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე გედევან ფოფხაძე და ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მაია კოპალეიშვილიც ესწრებოდნენ. პოლიტიკაში დაბრუნებული ძველი სახეები ამტკიცებენ, რომ ახლა გვარამია-მელიასთან მჭიდრო იდეოლოგიური კავშირი აერთიანებთ.

"ახალის" "ნაცმოძრაობისგან" იდეოლოგიური დაშორების არ სჯერათ საპარლამენტო ოპოზიციაში. "გირჩში" დღეს გვარამიასა და მელიას პატიმარ სააკაშვილთან არსებული კავშირები შეახსენეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი კოლეგები პარტიის კლონირების მცდელობის გამო გააკრიტიკეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი სახეების ახალი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანებას დღეს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურნენ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ლიდერების აზრით, მელია-გვარამიას პოლიტიკური ერთობას პერსპექტივა არ აქვს.

ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანება, ოფიციალურად, მარტის ბოლოს, პარტიის სადამფუძნებლო ყრილობით გაფორმდება.

დღის ამბები