25 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაუგებრობის მიზეზი კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ხდება - ოფიციალური თბილისი ადეიშვილის ექსტრადირებას ითხოვს

ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრი ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდა. ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებული და ძებნილი პირის - ზურაბ ადეიშვილის ევროპაში გამართული შეხვედრებისა და მასპინძლობის გამო, ილია დარჩიაშვილმა დიპლომატებს ქართული მხარის შეშფოთება გადასცა. ოფიციალური თბილისისთვის სამწუხაროა, რომ ადეიშვილი, რომელიც გახმაურებულ საქმეებზე დამნაშავედაა ცნობილი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატებთან შეხვედრებს წინ მთავრობის ადმინისტრაციის წერილი უძღოდა. ვრცელი განცხადების მთავარი გზავნილი იყოს ის, რომ ევროკავშირისა და გერმანიის სახელმწიფოს ოფიციალური პირების ადეიშვილთან შეხვედრები, ევროკავშირის 9 პრიორიტეტიდან პირველივე პუნქტს ეწინააღმდეგება, რომელიც ანტიევროპული განწყობის წინააღმდეგ მუშაობას გულისხმობს. განცხადება ამ თემაზე მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.

ზურაბ ადეიშვილი, ევროპაში, ოფიციალურ შეხვედრებს უკრაინული დელეგაციის წვერის სტატუსით მართავდა. ოფიციალურ კიევთან, წლებია, კონკრეტული კითხვები არსებობს - რა დამსახურებისთვის დაიკავეს კრიმინალური წარსულის მქონე ყოფილმა მაღალჩინოსნებმა  თანამდებობები უკრაინაში. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც, სახელისუფლებო ძალის თქმით, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში წუხილს გამოთქვამენ იმ დამოკიდებულების გამოც, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ აქვს.

ძებნილი ყოფილი გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის ოფიციალური შეხვედრების შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. გერმანიის იუსტიციის მინისტრი, საგარეო მინისტრის მოადგილე, გენერალური პროკურორი, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები - ასე გამოიყურება იმ პირების ჩამონათვალი, რომლებსაც ადეიშვილი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ის ასევე ბუნდესტაგის სხდომასაც დაესწრო, შემდეგ მან ბრიუსელში გადაინაცვლა და იქ უკვე ევროკომისიის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს, მართლმსაჯულების საკითხების კომისარს, გაფართოების საკითხებზე გენერალურ დირექტორსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს ესაუბრა. ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით, თბილისში გაკეთებულ შეფასებებს ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა და დეზინფორმაცია უწოდა, ხოლო გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ არ არსებობდა სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული მიზეზი, ადეიშვილისთვის ბუნდესტაგში შესვლაზე უარი ეთქვათ. ამ პოზიციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კრიმინალებთან შეხვედრების ნორმალიზების მცდელობად აფასებს.

საქართველოს ყოფილი ჩინოვნიკების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას ოპოზიციის ნაწილი ძველ პრობლემად მიიჩნევს. ადეიშვილის არც წარსულზე და არც აწმყოზე საუბარი არ სურთ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თუ ყოფილ წევრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ, მსგავსი საკითხების აქტუალიზაციით, სახელისუფლებო პარტია საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ”ქართული ოცნება” პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის, უკრაინიდან საქართველოში ძებნილი და მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ყოფილი თანამდებობის პირების გადაცემას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დღეს, არაერთი ფაქტი დაასახელა, რომელიც, მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ოფიციალურ კიევთან ცალმხრივი მეგობრობის დადასტურებაა. ამ კონტექსტში, დღეს, სააკაშვილის შემოყვანის საკითხიც გაიხსენეს და ისიც, რომ ამაში უკრაინაში მყოფი კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი - გია ლორთქიფანიძე იყო ჩართული.

სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის - გია ლორთქიფანიძის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყო. გავრცელდა აუდიოჩანაწერიც, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ლორთქიფანიძის მიერ გაკეთებულ ხმოვან შეტყობინებებს უკავშირდება.

როგორც ლორთქიფანიძის, ასევე ადეიშვილისა და სხვა ყოფილი ტანადობების პირების მიმართ, საქართველოში არაერთი საქმეა აღძრული. მათ ნაწილზე განაჩენიც დამდგარია, ნაწილზე კი განხილვები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

დღის ამბები