25 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
საკადრო ცვლილებები - ვინ მიდის ჯანდაცვაში პარლამენტიდან და რა ცვლილებებია მთავრობის ადმინისტრაციაში

ჯანდაცვის ახალი მინისტრი პრემიერმა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლოდან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დღეს ოფიციალურად გადაინაცვლა და, ახალი სტატუსით, მთავრობის პირველ სხდომასაც დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ჩააბარა, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სამართლიანი სოციალური პოლიტიკა, პაციენტების უფლებები დაცვა და დევნილთა პრობლემების მოგვარება - ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ჯანდაცვის ახალი მინისტრი აქტიურ მუშაობას გეგმავს. უწყების ხელმძღვანელის რანგში, მიხეილ სარჯველაძემ დღეს პირველი განცხადება გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის რიგით 4 და საკანონმდებლო ორგანოდან პირველი მინისტრია, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას, ოფიციალურად, ხვალიდან შეუდგება. ის ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 1-ელ მარტს, პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ დატოვა. ახალ ხელმძღვანელს უწყებაში უკვე ელოდებიან.

დღესვე, ცნობილი გახდა სხვა საკადრო გადაადგილების შესახებაც. რევაზ ჯაველიძის ნაცვლად, მთავრობის ადმინისტრაციას ლევან ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს, რომელიც დღემდე თბილისის საკრებულოს წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე გახდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად კი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა, რომელიც, 2012 წლიდან დღემდე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. მას ამ პოსტზე გიორგი ქაჯაია შეცვლის, რომელიც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.

ჯანდაცვის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილება მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციის ნაწილისთვის. დეპუტატებს აინტერესებთ, როგორია ახალი მინისტრის ხედვა სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით და რის გაკეთებას აპირებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

გამჭვირვალობა და უშუალო კომუნიკაცია - ასე აფასებენ მიხეილ სარჯველაძის მართვის სტილს "ქართულ ოცნებაში". მმართველ პარტიაში ჯანდაცვის ახალი მინისტრის პროფესიონალიზმზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სარჯველაძე სისტემის გამართულ მუშაობას სრულად უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძის ჯანდაცვის სამინისტროში გადასვლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავისუფალია. სარჯველაძეს, სავარაუდოდ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შეცვლის. გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს.

დღის ამბები