25 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66%-იანი ზრდაა, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით

მმართველი გუნდის შეფასებით, როდესაც ოპონენტები პროდუქტების ფასებზე საუბრობენ, არაფერს ამბობენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და გაუმჯობესებულ პარამეტრებზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66 პროცენტიანი ზრდაა, რაც დაბალი მაჩვენებელია და ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. 

"აშკარად არის აქცენტების გადატანის მცდელობა - რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ 66%-იანი ზრდა არის. რაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია თვალს გადავავლებთ სხვა ქვეყნების მონაცემებს, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აშშ-ში და ა.შ. 

ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ ორი კრიზისი - ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს -2015-16 წლებში. მაშინ იყო ინფლაციის დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი და მეორე იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში. ამის მიუხედავად, ჩვენ 66%-იანი მაჩვენებელი შევინარჩუნეთ. აქედან გამომდინარე, ის მონაცემები რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად არის მანიპულაციური და შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალური პასუხი გავცეთ ამ სპეკულაციებს," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები