25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი გვარამიას პოლიტიკურ გუნდში - ვინ არის ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი

მაია კოპალეიშვილი - წარსულში მოსამართლე, უფრო ახლო წარსულში კი სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში, ახლა ნიკა გვარამიას გუნდის წევრი ხდება. ინფორმაციას "ახალის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ავრცელებს, თუმცა, თავად კოპალეიშვილი მოტივზე - რატომ შეუერთდა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის ახალ მოძრაობას, არ საუბრობს. "კურიერის" სატელეფონო ზარებს მან არ უპასუხა, გვარამიას პრესსამსახურში კი თქვეს, რომ განმარტებები, წევრების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გაკეთდება.

გვარამიას "ახალში" გადასულ ძველ ნაციონალებს პოლიტიკურ სპექტრში უკვე აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ფაქტს ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის თანამშრომლობის მორიგ დასტურს უწოდებენ.

მოძრაობა "ახალთან", მაია კოპალეიშვილის გავლით, სალომე ზურაბიშვილის თანამშრომლობას ოპოზიცია გამორიცხავს და არასერიოზულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული არ არის.

ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის კი უინტერესოა ვინ ვისთან გაერთიანდება. ამბობენ, რომ მათთვის დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები დგას.

მმართველ პარტიაში დღეს მაია კოპალეიშვილის წარსულიც გაიხსენეს. თქვეს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყოველთვის დაკავშირებული იყო, თუმცა, ახლა გვარამიას მოძრაობაში გაერთიანებით ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან სალომე ზურაბიშვილიც დაახლოვდა. ეს "ქართული ოცნებისთვის" ადასტურებს, რომ პრეზიდენტი არჩევნებში ბრძოლას სწორედ ოპოზიციასთან ერთად გეგმავს.

მაია კოპალეიშვილი წლების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. გასულ წელს, ის თამარ ჩუგოშვილთან ერთად სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა, სადაც პრეზიდენტის მიერ უნებართვო ვიზიტების საკითხი განიხილებოდა. მაია კოპალეიშვილი არ არის ერთადერთი "ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახე, ვინც გვარამიას ახალს შეუერთდა. ყოფილი პროკურორის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის ახლადდაფუძნებული პარტიის რიგებში "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრი ნინო კვიტაშვილი და ასევე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო.

დღის ამბები