მორიგი პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში - მცირე სცენაზე 90-იანი წლების მძიმე რეალობა გაცოცხლდა. მიხო მოსულიშვილის ერთ მოქმედებიანი პიესა იძულებით მიტოვებულ სოფლებზე და ოკუპაციით მიყენებულ ტკივილზეა.
"ჟიკჟიკობა ღამე" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელშიც მოქმედება სამაჩაბლოს ერთ-ერთი სოფლის სასაფლაოზე მიმდინარეობს და რომელიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული.
"ჟიკჟიკობა ღამეს" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგ ღამეს უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, ამ დროს ადამიანები წინაპრების საფლავზე მიდიოდნენ და სანთლებს ანთებდნენ. სპექტაკლში მსახიობები ამ ტრადიციას აგრძელებენ და ერთი სასაფლაოს ისტორიას გვიყვებიან.
პიესა შვიდი გვერდისგან შედგება, რომელზეც ავტორი 2 წელს მუშაობდა. სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი მერაბ შარიქაძე ასრულებს.
სპექტაკლი, რომელშიც გამოყენებულია "ქართული იავნანა", სულხან ცინცაძის "ყელსაბამი" და ნინო კიკვაძე-ბარათაშვილის სიმღერა "მეჯინიბე", მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღს ემთხვევა. ერთმოქმედებიანი დადგმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მაყურებელს 9, 15 და 22 მარტს ელოდება.