რეჯეფ ტაიფ ერდოღანი რუსეთ-უკრაინას მშვიდობის სამიტზე და მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. ქვეყნის პრეზიდენტმა საკითხი, თურქეთში მყოფ ზელენსკის პირადად გააცნო.
ვიდრე ერდოღანს ნახავდა, სტუმრად ჩასულ ზელენსკის თურქული სამხედრო ხომალდები დაათვალიერებინეს, რომლებიც შავი ზღვით მალე უკრაინის სანაპიროებზე მოხვდება. ეს კი განაცხადია, რომ ანკარა კიევის სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას აგრძელებს, თუმცა ერდოღანს სხვა ჩანაფიქრიც აქვს. მთავარი ამოცანა მისთვის ისაა, რომ ზელენსკი და პუტინი ერთ მაგიდასთან იხილოს, სადმე თურქეთის ტერიტორიაზე. ეს ინიციატივა ხმამაღლა გააჟღერა. ვიდრე რუსეთის პრეზიდენტსაც პირადად ეტყოდეს, ჯერ ზელენსკის უმასპინძლა, რომელიც თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო სამიტამდე ჯერ ცივილიზებულ სამყაროს აქვს სალაპარაკო, სადაც რუსეთის ადგილი არ არის.
უკრაინაში კი დღეს ომის 745-ე დღე გათენდა. ხერსონში რუსეთის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბიჭი დაიჭრა, რომელიც მძიმე ტვინის შერყევითაა კლინიკაში გადაყვანილი. ნიკოლაევსკში კი საარტილერიო შეტაკებებს 16 წლის მოზარდი იმსხვერპლა, მეორე არასრულწლოვანი მძიმე დაზიანებებით მკურნალობს. ეს და ბოლო 2 წლის მანძილზე რუსეთის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ნაბიჯები დაგმეს გაეროს უშიშროების საბჭოზე, სადაც მოსკოვის წარმომადგენელი კვლავინდებური ცინიზმით წარსდგა.
ევროპაში კი კვლავ აქტუალურია დისკუსია - გაგზავნის თუ არა დასავლეთი უკრაინაში ჯარებს. მას შემდეგ რაც ეს საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, თემა მედიამ აიტაცა. თავად ფრანგები ამბობენ,რომ უკრაინა არავის სთხოვს ჯარებს, თუმცა თეორიულად ყველაფრისთვის არიან მზად. პოლონეთისთვის ეს არც თუ ისე წარმოუდგენელი რეალობაა. გერმანია კი ამბობს,რომ გამორიცხულია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა აშშ-ის სენატში კიევის მხარდაჭერის გაყინული პროცესი დაიძრას, კერძოდ საუბარია შესაძლო ალტერნატიულ კანონპროექტზე, რომელიც კიევისთვის დახმარების მიწოდებას ნაწილობრივ სესხის სახით გულისხმობს. CNN კი წერს, რომ შტატები ჯერ კიდევ 2022 წლიდან ემზადებოდა იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.