25 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"ყველა არჩევნებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ამომრჩეველი ძალიან ღირსეულად, ძლიერად ედგა პარტიას" - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად ზუგდიდში იმყოფება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ზუგდიდში იმყოფება. მისი თქმით, ზუგდიდში ვიზიტი ნაწილია საარჩევნო კამპანიის წინამოსამზადებელი პერიოდისა.

იქამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ მარტიდან, 100 დღის განმავლობაში, საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში ჩავიდოდა.

"დღეს ვიმყოფებით ზუგდიდში. შევხვდით ჩვენი პარტიის, ჩვენი ოჯახის წევრებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი არჩევნები ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე ძალიან დიდი გამარჯვებებით. ზუგდიდი ყოველთვის იყო ცენტრი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცენტრი და სწორედ ამიტომ, დღეს საუბარი გვქონდა ჩვენი პარტიის შემდგომ ნაბიჯებზე და ა.შ.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და დავსახეთ გეგმები, როგორ უნდა ვიაქტიუროთ მომდევნო თვეების განმავლობაში. მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ივნისამდე ყველა რეგიონს მოვივლით, მოვემზადებით, რომ ოფიციალურად დავიწყოთ კამპანია, ეს არის წინა, მოსამზადებელი პერიოდი, ასე ვთქვათ.

ჩვენ გავიხსენეთ, თუ რა მდგომარეობა იყო ზუგდიდში 2012 წელს და შემდეგ ყველა არჩევნებზე ჩვენ, ჩვენი ამომრჩეველი, მთელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ამომრჩეველი ძალიან ღირსეულად, ძლიერად ედგა პარტიას. სწორედ მათი - ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით მივაღწიეთ ძალიან ბევრ გამარჯვებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები