საოკუპციო ძალა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტქრუქტურაზე იერიშს არ წყვეტს. ღამის განმავლობაში ოლქზე მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. საცხოვრებელი სახლების და კომერციული ობიექტების აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 3 სამოქალაქო პირი. მძიმე დაზიანებები მიიღო 12-მა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
აფეთქებების ხმა ფაქტობრივად, უწყვეტად ისმის სუმის ოლქის საზღვრისპირა დასახლებებში. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო რუსული არმიის სამიზნე დნიპროპეტროვსკის ოლქშიც. აგრესორმა მიწასთან სავაჭრო ცენტრი გაასწორა.
მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონების ჩამოგდებას მოსკოვის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბელგოროდის ოლქში ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სულ ძალოვანი უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 11 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.
რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ შეტევაზე ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი უთქვამს. საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეტთან სამომავლო ურთიერთბებზე და გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ვალერი ზალუჟნის დანიშვნაზე ისაუბრა.
საკუთარი პოზიცია, ომში მყოფი ქვეყნისთვის დამატებით 325 მილიონი ფუნტის გამოყოფით დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინა 10 000 დრონს მიიღებს. მთავრობსი წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ გრანტ შაპსმა კიევის ცენტრალურ მოედანზე ვიდეო მიმართვა ჩაწერა.
ომში უკრაინის გამარჯვება ლიეტუვის ინტერესებშიც შედის. ვილნიუსმა კიევის დასახმარებლად სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. პარტნიორი ქვეყნის დახმარების მოწოდებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს მიმართა ჯო ბაიდენმა.
დანებებას ჯერჯერობთ არც მოსკოვი და არც კიევი აპირებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 880 რუსი ჯარისკაცი. განადგურებულია ოკუპანტის 11 ტანკი, 19 ჯავშანმანქანა და 25 საარტილერიო სისტემა. ბრძოლის ველზე სრული დომინირების შესახებ აცხადებს აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. შოიგუს უწყებაში ამტკიცებენ, რომ უკანასკნელ 24 საათში 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაანეიტრალეს, ააფეთქეს 3 ტანკი და საბრძოლო მასალის 4 საცავი.