25 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
სასტიკი სანახაობა, რომელიც ცხოველის დასახიჩრებით სრულდება - როგორ წირავენ სასიკვდილოდ მიუსაფარ ძაღლებს

ადამიანების სისხლიანი და სასტიკი სანახაობა, რომელიც ცხოველის სიკვდილზე გადის - ძაღლების ჩხუბის მორიგი შემზარავი კადრები ამჯერად სოფელ გოროვანიდან გავრცელდა. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ აქეზებს პატრონი საბრძოლო ძაღლს მიუსაფარი ცხოველის დაკბენისკენ. უმწეო ძაღლი მოკვდა. პატრონს არც განმარტებების გაკეთება სურს და არც "კურიერის" კამერის წინ გამოჩენა.
გამარჯვებული პიტბული კი, ისევ ჭიშკართან ჰყავთ დაბმული.

სოფელი გოროვანი ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ძაღლის მკვლელობაზე ფსონები იდება.
იმ ადამიანთა რაოდენობაც არ არის ცოტა, რომლებიც სისხლიანი ტოტალიზატორით მდიდრდებიან.
ამიტომ, ცხოველის დასახიჩრებაზე და მათ წამებით სიკვდილზე ყველა პასუხიმსგებელია: ის, ვინც მოჩხუბარ ძაღლს წვრთნის და ისიც, ვინც ამ სასტიკ სანახაობაში ფულს იხდის.

ვიდეო რომელსაც, თქვენ "კურიერში" ნახავთ ადამიანების სისასტიკის მხოლოდ ერთი მაგალითია: როგორ წირავენ სასიკვდილოდ უმწეო, მიუსაფარ ძაღლს.

ძაღლების ორთაბძოლის ამსახველი ეს და სხვა ვიდეოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ მიუსაფარი ცხოველები სოფელ გოროვანში პიტბულის ჯიშის ძაღლთან მიიყვანეს და საგანგებოდ შემოსაზღვრულ სივრცეში დააკბენინეს. ბოლო ასეთი შემთხვევის დროს, უმწეო ცხოველი პიტბულმა მოკლა.

პიტბულის მეპატრონე კურიერის კითხვებს გაექცა. საჯაროდ საუბარი არც ოჯახის სხვა წევრებს სურთ, თუ რატომ აწყობენ ძაღლების ორთაბრძოლებს,რასაც ტელეფონითაც იღებენ.

ძაღლების ორთაბრძოლაში მონაწილე რამდენიმე პიტბული დღეს ადგილზე "რუსთავი 2-ის" კამერამაც დააფიქსირა. ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სოფელში ყველამ იცის, თუმცა კამერების წინ საუბარი არ სურთ და ფაქტებს უარყოფენ.

ჩხუბის შედეგად მიუსაფარი ძაღლის მოკვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პიტბულის მეპატრონე სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით მას სავარაუდოდ ბრალსაც წარუდგნენ.

ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ძაღლების ორთაბრძოლებს ხშირად ფულადი ფსონების სანაცვლოდ აწყობენ. ზოგ შემთვევაში კი პიტბულის და სხვა მსგავსი ჯიშის ძაღლების გაწვრთნა მიუსაფარი ცხოველების გამოყენებით და მათი დაგლეჯვით ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამის ამსახველი არაერთი მტკიცებულება აქვთ, რომელიც გამოძიებას უკვე მიაწოდეს.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე აქტიურად განიხილება კანონპროექტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ძაღლების ორთაბრძოლაზე სოლიდურ სანქციებს აწესებს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კურიერთან ამბობს, რომ მსგავს საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ კანონი მალე გამკაცრდება.

სასტიკი მოპყრობის შედეგად ცხოველის მოკვლის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული საქმეს ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს.

დღის ამბები