25 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
გერმანიის საელჩოს შემდეგ, ადეიშვილთან დაკავშირებით განმარტებას ევროკავშირის წარმომადგენლობა აკეთებს - რას ამბობს დიპლომატიური მისია და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

გერმანიის საელჩოს შემდეგ ზურაბ ადეიშვილის პერსონასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება ევროკავშირის წარმომადგენლობას მოუხდა. რატომ აღმოჩნდა საქართველოში მსჯავრდებული და ძებნილი პირი ევროკავშირის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთან პირისპირ შეხვედრაზე - დიპლომატიური მისია განმარტავს, რომ ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, შეხვედრა უკრაინის გენერალურ პროკურორთან ჰქონდა, რომელსაც თან ახლდა უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი. მათ შორის იყო სწორედ ზურაბ ადეიშვილიც. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.

ფაქტი დეზინფორმაცია ვერ იქნება - ასე პასუხობს მმართველი გუნდი ევროკავშირის წარმომადგენლობას. უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარნტიორ ქვეყნებსა და ევროკავშირის სტრუქტურებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებში ადეიშვილის მონაწილეობა პირველ რიგში, დასავლურ განწყობებს აზიანებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საკითხს სამართლებრივთან ერთად მორალური მდგენელი აქვს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ყოფილი გენპროკურორის მოქმედ სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მას დანაშაულებრივი წარსული გააჩნია. ეს კი საქართველოს მეგობარ ქვეყნებშიც იციან, სადაც ადეიშვილი საპატიო სტუმარია.

ოპოზიციის შეფასებით, ადეიშვილთან შეხვედრებზე პარტნიორების გამოხმაურება მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებენ. ხელისუფლების ოპონენტები ბერლინსა და ბრიუსელში მსჯავრდებულის აქტიურობაში პრობლემას ვერ ხედავენ და ადეიშვილის წარსულის ნაცვლად მის ახლანდელ სტატუსზე აპელირებენ.

ოპოზიციაში ყველა ერთ აზრზე არ არის. ევროპელ პარტნიორებს არ საყვედურობენ, თუმცა კითხვები ევროპის ქალაქებში ადეიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტთან ნაწილსაც აქვს, მათ შორის შეხვედრების შინაარსზე.

მმართველი გუნდის შეფასებით, დეზინფორმაცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ შეხვედრებში სწორედ ადეიშვილის მონაწილეობაა - მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორის, რომელიც არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული.

ციხეში პატიმრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა, ტელეკომპანია იმედის დარბევა, კობა დავითაშვილის სასტიკად ცემა - ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რასაც ადეიშვილს ქართული მართლმსაჯულება ედავება. საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული ბრიუსელში უკრაინის დელეგაციასთან ერთად სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.

ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში. მანამდე ადეიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში საპატიო ლოჟაში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. ჰქონდა შეხვედრები ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტსა და გერმანიის იუსტიციის მინისტთან. მონაწილეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეხვედრაშიც, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს ეხებოდა.

დღის ამბები