25 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
მეტი ნატო რუსეთის საზღვრებთან - შვედეთის სამეფო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა

უფრო მეტი ნატო რუსეთის საზღვრებთან - შვედეთის სამეფო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. ბრიუსელში, შვედეთისა და ევროკავშირის დროშის გვერდით ორშაბათს ნატოს დროშასაც აღმართავენ. ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება, ვაშინგტონში გაფორმდა. "კარგი ამბები მიდის მათთან, ვინც ელოდება" - განაცხადა ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ისტორიული დღე უწოდა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც და განაცხადა, რომ ქვეყანამ გაერთიანებაში მისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.

შვედეთის სამეფოს ნატოში გაწევრიანება რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა - ყველასთვის მოულოდნელად, სკანდინავიურმა ქვეყანამ უარი განაცხადა ნეიტრალურ სტატუსზე და ალიანსში გაწევრიანებაზე მოთხოვნა გააკეთა. მოლაპარაკებები 2 წელი თურქეთისა და უნგრეთის პოზიციის გამო გაიწელა, თუმცა ბრიუსელმა შეძლო ოფიციალური ანკარისა და ბუდაპეშტის დარწმუნება. შვედეთის სამეფო ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში არცერთ სამხედრო ალიანსში არ გაწევრიანებულა, თუმცა მოსკოვიდან მომდინარე საფრთხემ აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. ოფიციალურად ორშაბათიდან, ნატოს არმიას კარგად გაწვრთნილი და თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი 15 ათასი ჯარისკაცი შეემატება.

ვიდრე ორშაბათს, ალიანსის ოფისში ახალ დროშას ააფრიალებენ, ვაშინგტონში ჩასულმა ულფ კრისტენსენმა ბოლოს წინა ცერემონია გაიარა. 2 წლიანი პროცესი ენტონი ბლინკენისთვის ოფიციალური დოკუმენტების ჩაბარებით დაგვირგვინდა - ამით შვედეთისთვის ნეიტრალიტეტის თითქმის 200-წლიანი გზა დასრულდა და რაღაც ახალი დაიწყო.

შვედეთის პრემიერს ისტორიული მომენტი ჯო ბაიდენმა პირდაპირ კონგრესის ტრიბუნიდან მიულოცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ცერემონიიდან მალევე განათავსა ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ, სადაც წერია: "7 მარტს, შვედეთის სამეფომ ნატოს წესდების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილა". ახლა რომ ქვეყანას ნატოს წესდების უკვე მე-5 მუხლი დაიცავს - კარგად იციან შვედებმა. “ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის” - ისტორიულ ნაბიჯს ქვეყანაში დადებითად შეხვდნენ, რადგან შვედები დღეს იმაზე უსაფრთხოდ არიან, ვიდრე გუშინ.

თეორიულად, დღეს რომ რუსეთმა შვედეთზე თავდასხმა გადაწყვიტოს, მას სტოკჰოლმის გარდა, 31 ნატოელთან ექნება საქმე. ეს რომ სრულიად დასაშვები სცენარი იყო, ამიტომაც გადადგეს შვედებმა ისტორიული ნაბიჯი - კრემლის ჰიბრიდული მეთოდებიც კარგად აქვთ შესწავლილი - ამიტომ, ქვეყნის სამხედრო დანაყოფების მზადყოფნაში იყვნენ და ახლა უკვე მეტადაც იქნებიან.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მეზობელი უკრაინა ათი ათასობით სამხედროს ალყაში მოაქცია და ბევრისთვის დაუჯერებელი ნაბიჯი გადადგა - სკანდინავიას მოუხდა იმის დაჯერება, რომ ეს შესაძლოა მათაც შეეხოთ, ამიტომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას გადახედეს. ომის პირობებში ალიანსი პირველად 2023 წლის აპრილში ფინეთით გაფართოვდა. გარკვეული შეფერხებები ჰქონდა შვედეთს, თუმცა ახლა ეს უკვე წარსულია. ქვეყანამ დღეს ახალ ეპოქაში შეაბიჯა.

დღის ამბები