25 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის გერმანიისა და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს.

"ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს და შემდეგი სასჯელი აქვს მისჯილი:

- კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე - 6 წელი
- ციხეებში წამების საქმე - 4 წელი და 6 თვე
- ღვინის კომპანია აკურას საქმე - 1 წელი და 6 თვე
- ტვ იბერიას საქმე - 1 წელი და 6 თვე
- ბანკი ქართუს გაკოტრების საქმე - 5 წელი და 3 თვე

თავად ზურაბ ადეიშვილის მიერ შემოღებული სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რომ არ გაეუქმებინა, მას ციხეში ჯამურად 18 წლის მოხდა მოუწევდა.

სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დღის ამბები